რადარებიდან გამქრალი რუსული ლაინერის ისტორია - ტერაქტი თუ პილოტების შეცდომა

რადარებიდან გამქრალი რუსული ლაინერის ისტორია - ტერაქტი თუ პილოტების შეცდომა

რუსეთში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაკარგული ლაინერის მგზავრებსა და ეკიპაჟს  გლოვობენ... სამხედრო თვითმფრინავი ტუ-154, რომელიც სოჭიდან სირიის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 25 დეკემბერს რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავში 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ სამხედროები, ჟურნალისტები, არტისტები, ექიმები.

კონკრეტულად, ბორტზე იმყოფებოდა ალექსანდრ ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 წევრი, - 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. სულ 92 ადამიანი. ჯგუფი სირიაში სამხედრო ბაზაზე, ქალაქ ლატაკიაში, რუსეთის ბაზა "ხმეიმზე", საახალწლო ღონისძიების ჩასატარებლად მიფრინავდა... თვითმფრინავი, 1983 წელს იყო გამოშვებული და ბოლოს რემონტი 2014 წელს ჩაუტარდა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმური შემოწმება გაიარა...

ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარებიდან დილის 5:30 წუთზე გაქრა. ის აფრენიდან 7 წუთში, სანაპიროდან 5,5 კილომეტრში ჩამოვარდა. მას პირველი კლასის მფრინავი რომან ვოლკოვი მართავდა, რომელსაც 6 ათას საათზე მეტი აქვს ჰაერში გატარებული. შტურმანი კი, ასევე გამოცდილი, პოდპოლკოვნიკი ალექსანდრ პეტუხოვი იყო, რომელიც სიმამაცის ორდენით იყო დაჯილდოვებული.

ხმელეთიდან შორიახლოს, ზღვაში უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის ფრაგმენტები... დაკარგულთა უმეტესობა სამხედრო მაღალჩინოსანია. მათი ვინაობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. მათ შორის არიან, მთავარი სამხედრო დირიჟორი ვალერი ხალილოვი და თავდაცვის სამინისტროს კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ გუბანკოვი.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება, რის გამოც მან სიმაღლის აღება ვერ შეძლო, თუმცა, ამ ვერსიამ მაშინვე გააჩინა გარკვეული ეჭვები, რადგან ეკიპაჟმა დისპეჩერისთვის განგაშის ზარის გადაცემაც ვერ შეძლო, მაშინ როდესაც პილოტების იგივე ჯგუფმა, 2011 წელს უკონტროლო თვიმფრინავი ხმელეთზე წარმატებით დასვეს...

არსებობს არაოფიციალური ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ავიაკასტროფის მიზეზი ბორტში დამონტაჟებული ბომბი გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა აფეთქების ამსახველი ვიდეო, სადაც თვითმფრინავმა სიმაღლის აღებისას თითქოს "გაანათა" და ნაწილებად დაიშალა.

"რუსეთის დესანტთა კავშირის წარმომადგენელი ვალერი გრატოვის ინფორმაციით, ეს აფეთქება "ზემოდან" იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, ლაინერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და ბოლო დროინდელი ტენდენციით, სამხედრო თვითმფრინავები უფრო იშვიათად მოწმდება, ვიდრე კერძო კომპანიების, "მით უფრო მაშინ, როდესაც მათივე თქმით, ბორტზე "ჩვენიანები" არიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი სირიაში რეგურალურად დაფრინავდა და მას იქ სამხედროები გადაჰყავდა, მისი შემოწმება, სავარაუდოდ, შედარებით "ლოიალურად" მოხდებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ იქ ბომბის დამონტაჟება ძნელი არ იქნებოდა... საქმე ის არის, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ, "შავი ყუთი" არც კი უხსენებიათ, აფეთქების მიზეზად მაშინვე მფრინავების შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა"- წერს  გრატოვი, რომელიც მომხდარში ხელისუფლების გავლენიანი პირების წვლილზე აკთებს აქცენტს. მისი მოსაზრებით, არ  არის გამორიცხული, რომ საქმეში გარეული იყოს ვლადისლავ სურკოვი, რომელიც ცნობილია, თავისი "მანიპულაციებით". "ასეთი საქმეების შესრულება კი არ უჭირს "კადიროვის ხალხს" მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობ" - დასძენს რუსი სამხედრო, რომლის თქმითაც, სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიასთან დკავშირებით რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განხეთქილებაა, რადგან ყველა არ არის მზად პოლიტიკური ინტრიგებისა და კონკრეტული პირების პირადი მოსაზრებების გამო წავიდეს სასაკლაოზე...

ეჭვი, რომ ლაინერის აფეთქებაში "შინაურის" ხელი ურევია, სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, - აღნიშნული ლაინერით, სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად ლიზა გრინკასთან ერთად უნდა გაფრენილიყო, რუსეთის მთავარი უფლებამადამცველი ტატიანა მოსკალკოვა, თუმცა, ყირიმში განვითარებული პროცესების გამო, მან მარშრუტი შეცვალა. ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთში "დოქტორ ლიზად" იყო ცნობილი, დაიღუპა... ტრაგიკული რეისით გაფრენაზე უარი განაცხადა ცნობილმა მომღერალმა იოსებ კობზონმაც. ამ ფაქტებს კი, ადგილობრივი საზოგადოება იმის გარკვეულ მინიშნებად მიიჩნევს, რომ ავიაკატასტროფას ავტორი ჰყავს.

რუსი სამხედრო ექსპერტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს ასადის რეჟიმის მხარდაჭერა და სირიაში ვითარების დალაგების მცდელობა, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს. ეს არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას, - მათივე თქმით, ისეთ სახიფათო მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებას, როგორიც "ისლამური სახელმწიფოა", საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული სამხედრო ტექნიკა და ადამიანური რესურსი სჭირდება... რუსეთის ხელისუფლების ახალ წამოწყებას გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში საკმაო მოწინააღმდეგები ჰყავს.   

რადარებიდან გამქრალ ლაინერში, სამხედროებსა და მომღერლებთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტები პირველი არხიდან, - დიმიტრი რუნკოვი, ვადიმ დენოსოვი და ალექსანდრ სოიდოვი. "ენტევეს" გადამღები ჯგუფი, - მიხაილ ლუჟეცკი და ოლეგ პესტოვი. აგრეთვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამაუწყებლო კომპანია "ზვეზდას" თანამშრომლები.

"ინციდენტის სრულყოფილ გამოძებას მოვახდენთ და მსხვერპლის ოჯახებს ყველანაირად დავეხმარებით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მომხდართან დაკავშირებით, პუტინს სამძიმარი გადასცა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა და აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი გავლენას ვერ მოახდენს მისი და რუსეთის მთავრობის ომზე მეამბოხეების წინააღმდეგ.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე