"კაბელების საქმე" გრძელდება - თავისუფლების შემდეგ უზენაეს სასამართლოში

 "კაბელების საქმე" გრძელდება - თავისუფლების შემდეგ უზენაეს სასამართლოში

"კაბელების საქმეზე დაკავებულები უკვე თავისუფალი არიან, მაგრამ ბრძოლა, სიმართლის საბოლოოდ დასამტკიცებლად გრძელდება, - აცხადებს ადვოკატი ლევან სამუშია. მისივე თქმით, შესაძლოა, დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოს მიმართოს. ამ ინსტანციაში დავის შემდეგ, ვაპირებთ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღძრან. ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების განაცდურისა და მორალური ზიანის კომპენსაცია, სამსახურებრივი რეაბილიტაცია და სხვა საკითხებზე მსჯელობას, ადვოკატი ნაადრევად მიიჩნევს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები - გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

შეწყალების აქტამდე, გავრცელდა პრეზიდენტის განცხადება, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ე. წ. "კაბელების საქმე" მიმდინარეობის მთელი პროცესის განმავლობაში აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე და რომ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. განცხადებაში განმარტებულია, რომ სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად შეწყალების აქტის გამოცემას.

ადვოკატების თქმით, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის "კაბელების საქმის" მსჯავრდებულებს პირადად არ მიუმართავთ.

საქმის ხანგრძლივი მსვლელობის შემდეგ, "კაბელების საქმის" მსჯავრდებულებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 27 იანვრის ღამეს დატოვეს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას, უზენაეს სასამართლოს, კანონით გათვალისწინებული ერთი თვის განმავლობაში მიმართავენ. თუმცა, ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ მათი სიმართლის დამდგენი ზედა ინსტანცია მაინც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება.

მსჯავრდებულებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს პრეზიდენტის მისამართით. ერთი-ერთი გათავისუფლების, გიზო ღლონტის თქმით, მათ სჯეროდათ, რომ პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

"ერთადერთი პრეზიდენტის იმედი გვქონდა. გვჯეროდა, რომ ის სახელმწიფოებრივად სრულიად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ის არის ქვეყნის მთავარსარდალი და სრულიად იცოდა, თუ როგორი პოლიტიზებული იყო ეს საქმე და რა მიმართულებით მიდიოდა. მადლობას ვუხდი მას სწორი მიდგომისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შტოს და მთავრობას, - მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას - თუკი იქ სამართლიანობა ვერ დაიმკვიდრებს და საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენის იმედი არ ექნება, - ქვეყანა ვერც განვითარდება".

4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დაკავებული 5 პირი რამდენიმე თვეში სასამართლომ თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და ისინი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა თქმით, თავისთავად კარგია შეწყალება, როგორც ჰუმანური აქტი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტისგან მიუღებელია დარტყმის მიყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

"კაბელების საქმე" ბოლო დრის განმავლობაში მუდმივად ექცეოდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც მიმართვებითა და დოკუმენტებითაც დადასტურდა. წლის დასაწყისში გამოქვეყნებული "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში, ნათქვამია, რომ ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართულმა რამდენიმე საქმემ წარმოშვა შეკითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე