ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტსა და იმპორტში ლიდერობენ

ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტსა და იმპორტში ლიდერობენ

რუსეთსა და ინდოეთს შორის სამხედრო გარიგება შედგა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წელს რუსეთი ინდოეთისთვის სამხედრო ვერტმფრენების მიწოდებას დაიწყებს. მათი წარმოება და აწყობა მხოლოდ საზღვარგარეთ მოხდება. აღნიშნულის შესახებ "რუსეთის ვერტმფრენების" გენერალური დირექტორი ანდრეი ბოგინსკი აცხადებს.

ვერტმფრენების პირველი პარტია, რომელიც რუსეთიდან ინდოეთში გადაიგზავნება, 60 მანქანისგან შედგება, შემდეგ ჯერზე კი 140 ვერტმფრენი უკვე ინდოეთში აიწყობა, რაშიც მონაწილეობას რუსი სპეციალისტები მიიღებენ.

ანდრეი ბოგინსკის განცხადებით, რუსული ვერტმფრენების რეალიზაციის საქმე ამით არ ამოწურულა, Ми-171А2- საფრენი აპარატებით ჩინეთიც დაინტერესდა, რაც ჰოლდინგის ხელმძღვანელის თქმით, ვერტმფრენების გაყიდვებს მაქსიმალურად გაზრდის.

"წელს ვაპირებთ 220 ვერტმფრენი გავყიდოთ. რაც შეეხება გასულ წელს, სულ 190 საფრენი აპარატი გაიყიდა... საერთოდ კი ეს მიმართულება მზარდია, რასაც მსოფლიოში არსებული რეალობაც ადასტურებს, ვგულისხმობ, ლოკალურ თუ მასშტაბურ კონფლიქტებს",- დასძინა ანდრეი ბოგინსკიმ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მართლაც გაზარდა მსოფლიოში იარაღზე მოთხოვნა, რითაც არაერთმა სახელმწიფომ და იარაღის კონკრეტულმა დილერმა იხეირა. საერთაშორისო ექსპერტებმა ასეთ ქვეყნებს შესაფერისი სახელიც შეარქვეს, - "ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტებით იკვებებიან"

მაშ ასე, როგორია საერთო სურათი, - ამერიკელი დილერები მსოფლიო ლიდერობას არავის უთმობენ - მათ 2015-2016 წლებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს უპრეცედენტო რაოდენობის იარაღი მიჰყიდეს. კონკრეტულად, აშშ-მა მსოფლიო მასშტაბით 46, 6 მილიარდი დოლარის იარაღი და ტექნიკა გაყიდა, გასულ წელს მას თითქმის დაეწია რუსეთი...

ორი გიგანტი სახელმწიფოს წყალობით, საომარ რეგიონებში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ სრულ გამარჯვებას ჯერჯერობით ვერც სამთავრობო ძალებმა მიაღწიეს და ვერც ტერორისტებმა.

ბოლო წლებში, იარაღის შესყიდვის მხრივ ძალიან გააქტიურდა საუდის არაბეთი, რომელმაც იარაღი რამდენიმე ქვეყნიდან შეისყიდა. მან 2015 წელს იარაღის შეძენაში 9,6 მილიარდი დოლარი დახარჯა, 2016 წელს კი 10 მილიარდს გადააჭარბა. არაბებმა ყველაზე მეტი იარაღი შეიძინეს აშშ-სგან, რუსეთისგან, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთისგან...

იარაღის შეძენის მიზნით დახარჯული თანხის რაოდენობით პირველ ხუთეულში ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ლიდერობენ, თუმცა, ბოლო მონაცემებით, იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი მაინც ინდოეთს უკავია.

საერთაშორისო სამხედრო-ანალიტიკოსების აზრით, ეს მონაცემები მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიც მიანიშნებს, სადაც ბოლო წლებია მუდმივი დაძაბულობის კერა არ ჩამქრალა. ამასთან, კონფლიქტები მრავალფეროვნებით გამოირჩევა - იქ წლებია პოლიტიკური, რელიგიური, კლანური დაპირისპირება გრძელდება და ამერიკის, რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ისრაელის, ასევე სხვა, დიდი და პატარა სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე