ქართველი სამხედრო მფრინავი თვეზე მეტია აფრიკაში ტყვეობაში რჩება - რა მდგომარებაშია სოსო ოსურაული

ქართველი სამხედრო მფრინავი თვეზე მეტია აფრიკაში ტყვეობაში რჩება - რა მდგომარებაშია სოსო ოსურაული

თვეზე მეტია, ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი შეიარაღებული ოპიზიციონერების ტყვეობაში იმყოფება. 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთებში, ორი საბრძოლო MI-24 ჩამოვარდა. ერთ-ერთ საფრენ აპარატს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავები: თადარიგის პოლკოვნიკი, ახმეტელი სოსო ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ, რომლებიც ამ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ...

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ვითარებაში ჩამოვარდა საფრენი აპარატები. რამდენიმე ვერსია გავრცელდა: ერთ-ერთი ვერსიით საფრენი აპარატი კუდით ხეებს წამოედო. კიდევ ერთი ვერსიით, ისინი საზენიტო სარაკეტო კომპლექს "სტრელა-2M"-ით ჩამოაგდეს... შემთხვევის შემდეგ, კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე იპოვეს და ის ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მკურნალობას გადის. პოლკოვნიკი სოსო ოსორაული კი "23 მარტის მოძრაობის" მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.

სამხედრო ბლოგერ დავით ნემსაძის თქმით, "ოსორაული უმაღლესი კლასის მფრინავია, მან 3500 მეტრის სიმაღლიდან ისე დასვა დაზიანებული MI-24 მიწაზე, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩა".

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. ტყვედ ჩავარდნილ ოსორაულს, მეამბოხეებმა სახლში დარეკვის უფლება მისცეს. საქმე ის არის, რომ ისინი ერთ პოზიციაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, - ერთი ნაწილი ერთ მილიონ დოლარს ითხოვს, სხვები კი, კონგოს დემოკრატიულ ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ და ციხეებიდან მათი 200 მომხრის გათავისუფლებას, ხანაც კონგოს პარლამენტში ხმების უფლებას ითხოვენ...

ცნობისთვის, ოსორაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ ცხინვალი-ჯავის მიმართულებით პირველი საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 11 აგვისტოს ოსორაულმა, რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით, უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.

პოლკოვნიკი ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა.

2010 წლის ოქტომბერში, წინა ხელისუფლებამ ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, ხუთ ქართველ მფრინავთან ერთად "ენვერის" გახმაურებული სპეცოპერაციის დროს, "რუსეთის ჯაშუშობის" ბრალდებით დააპატიმრა. მაშინ ერთი მფრინავი "აღიარების სანაცვლოდ" საპროცესო გარიგების გაათავისუფლეს, პლუჟნიკოვს 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, დანარჩენებს კი - 11 წელი. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, ყველა მათგანი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემო ალვანში მცხოვრებმა ოსორაულების ოჯახმა გვიან გაახმაურა სოსო ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის ამბავი, რადგან იმედოვნებდნენ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მის დახსნას მოახერხებდა...

უწყების ინფორმაციით, დიპლომატიური მუშაობა, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად, არ შეწყვეტილა. მათივე ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ მეამბოხეთა ჯგუფს, "23 მარტის მოძრაობა" შიდა კონფლიქტების ფონზე ჩამოყალიბდა. 2012 წლის აპრილში, ხანგრძლივი სამოქალაქო ომების შემდეგ, აფრიკის ერთ-ერთი ტომის, ტუტსის ჯარისკაცებმა დაიწყეს აჯანყება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც "23 მარტის მოძრაობა" ეწოდა. დაჯგუფება "სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესის" ყოფილი წევრებისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დეზერტირი ჯარისკაცებისგან შედგება...

"23 მარტის მოძრაობის" დაჯგუფების გარშემო არაერთი ვერსია ვრცელდებოდა, - თავდაპირველად მათ შემადგენლობაში 2500-დან 3000-მდე წევრი ირიცხებოდა, მათ რაოდენობა ამ დროისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილია.

გაეროს ბოლო გადაწყვეტილებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დამატებითი სამშვიდობო ძალები გაიგზავნება და საინტერვენციო ბრიგადის შემადგენლობა 2550 ჯარისკაცით გაიზრდება. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას კონგოში უკვე ჰყავს სამშვიდობო კონტიგენტი 17 000 სამხედრო მოსამსახურის რაოდენობით.

მთავარი ფოტო: "ამერიკის ხმა"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე