ქალებისა და ბავშვების ბედი მსოფლიო ომებში

ქალებისა და ბავშვების ბედი მსოფლიო ომებში

ყველა ქვეყანაში, სადაც საომარი პროცესები მიმდინარეობს, ხშირად საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა, ქალები და ბავშვები ზარალდებიან. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურობის მიუხედავად, ბოლო წლებში ვითარება კატასტროფულად შეიცვალა უარესობისკენ. კონკრეტულად, საუბარია იმ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ვითარების გაკონტროლებას "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს.

ის ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში შესვლას ცდილობენ, წარმოუდგენელი ტანჯვისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი მათგანის მიმართ ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობა ხორციელდება და ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშშია აღწერილი, რომლის თანახმადაც, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლიბიაში ფიქსირდება, საიდანაც ლტოლვილები ძირითადად იტალიაში ჩასვლას ცდილობენ.

UNICEF-ის რეგიონული დირექტორის აფშან ხანის კომენტარის თანახმად, - "გამოკითხული ქალების ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ხოლო ბავშვებისა და გოგონების უმრავლესობის თქმით, მათ მიმართ ემოციური ძალადობის გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფაც ხორციელდება..."

მისივე თქმით, გასულ წელს, ხმელთაშუა ზღვის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 4579 ადამიანი დაიღუპა, მათგან დაახლოებით 700 ბავშვი იყო. ამ მარშრუტს, ძირითადად კონტრაბანდისტები და სხვადასხვა კრიმინალები აკონტროლებენ, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელ, უიმედო სიტუაციაში მყოფ ბავშვებსა და ქალებზე ძალადობენ.

ქალებისა და გოგონების ერთმა ნაწილმა აღიარა, რომ მათ მიმართ სქესობრივი ხასიათის ძალადობა ხორციელდება. ორგანიზაციის მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში ლტოლვილებს გადადგილების სანაცვლოდ კონტრაბანდისტები სწორედ სექსუალურ "მომსახურებას" სთავაზობენ, სხვა შემთხვევაში მათგან 100 დან 2000 დოლარამდე ანაზღაურებას ითხოვენ. ძალადობის მსხვერპლთა შორის არიან მოზარდი გოგონებიც...

"გამოკითხულ ქალების უმეტესობის, ასევე, ბავშვებისა და გოგონების თქმით, მათ მიმართ ადგილი აქვს ვერბალურ, ემოციურ და სექსუალურ ძალადობას, ასევე ცემას", - განაცხადა ხანიმ, რომლის თქმითაც, ბავშვები და გოგონები ხშირ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან და მათ პროსტიტუციას აძალებენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალი ანგარიშის მიხედვით, ათასობით ქალი და ბავშვი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვით ცდილობს გაექცეს ომსა და სიღარიბეს, ხდება ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციის და სხვა ფორმის ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი. გამოკითხვა, რომელიც გასულ წელს ლიბიაში, ემიგრაციის ხაზის გასწვრივ UNICEF-მა ჩაატარა, აჩვენებს, იქ ძალადობის უამრავი შემთხვევა ხდება.

გასულ წელს, ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის გზაზე 4500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 700 ბავშვი.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა ავღანეთშიც, სადაც მოზარდ ბიჭებზე სექსულაური ძალადობა ჩვეულებრივი რამ არის. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი ჯარისკაცები ავღანელი მაღალჩინოსნების მხრიდან მოზარდებზე განხორციელებულ ძალადობაზე თვალს ხუჭავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, ეს ფაქტი პენტაგონმა უარყო... თუმცა, ინტერნეტში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, სადაც კოალიციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი სამხედროები წერდნენ, რომ ომის კადრებზე მეტად იმ არაადამიანური ხმების დავიწყება უჭირდათ, რომელიც ღამე ავღანელების სამხედრო ბაზიდან ისმოდა, - იქ ღამე სამხედრო მაღალჩინოსნებთან მოზარდი ბიჭები მოჰყავდათ...

გაეროს ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვების გაყიდვა ყველაზე მეტად, ავღანეთის ჯოუზჯანის პროვინციაშია გარცელებული. ეს რეგიონი, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღარიბ ადგილად ითვლება. სწორედ ჯოუზჯანის რეგიონზე მოდის 5-15 წლამდე ასაკის ბავშვების 28 პროცენტი, რომლებიც მშობლებმა ან მათმა მეურვეებმა გაყიდეს - წერს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია თავის ანგარიშში "გადაარჩინე ბავშვები".

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გავრცელებულ, კიდევ ერთი ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მსოფლიო ყველაზე ღარიბი და დაუცველი ბავშვებისთვის კვლავ უსამართლო ადგილია. არადა, მათივე ინფორმაციით, 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების შემდეგ, მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთს ზემოთ ხსენებულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, ბავშვთა შრომა ავღანეთში განუწყვეტლად იზრდება. ღატაკი ოჯახების მიერ გაყიდული ბავშვები იძულებითი შრომის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ადრეული ქორწინებისათვის არიან განწირულნი. ბავშვების უმრავლესობა, რომელთა შორისაც სამი წლის ბავშვებიც არიან, მძიმე შრომისგან  და შიმშილისაგან სასომიხდილნი და დაავადებულნი არიან... ბოლო წლებში, ბავშვებისა და ქალების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება იზრდება და ხშირად, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები ადგილობრივი მოსახლეობის ამ დაუცველ ფენას თავად ჩაგრავენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე