II მსოფლიო ომში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი ქართულ სცენაზე - პრემიერა მოზარდმაყურებელში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

II მსოფლიო ომში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი ქართულ სცენაზე - პრემიერა მოზარდმაყურებელში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე პრემიერა შედგა, - სცენაზე სამხედრო ამბავი თამაშდება ისე, რომ დარბაზში მყოფ მაყურებელს განცდა უჩნდება, თითქოს თვალყურს ადევნებს რეალური სამხედროების ცხოვრებას...

ცნობილი ამერიკელი მწერლის ნილ საიმონის პიესის "ბილოქსი ბლუზის" რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

"ბილოქსი ბლუზი" ნილ საიმონის ნახევრადავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და მწერლის ტრილოგიის, "ბრაიტონ ბიჩის მემუარების" მეორე ნაწილს წარმოადგენს. აღწერილია 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი, რაც ყველა დროისთვის აქტუალურია. ახალგაზრდებს მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვევენ. ფრონტის ხაზამდე, მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მომზადების კურსს გადიან. ბევრი რამის სწავლა და განცდა მოუწევთ - ჯერ რთული ხასიათის მქონე, მკაცრი სერჟანტის, მერვინ ტუმის ხელში, შემდეგ კი რეალური ფრონტის ხაზზე. უგემური საჭმელი, დისკომფორტი, დაძაბული სამხედრო რეჟიმი და ამ ფონზე აგებული ახალი ურთიერთობები, სანატრელი დასვენების დღეები, ქალის პირველი ალერსი და პირველი სიყვარულის თავბრუდამხვევი სიტკბოება - ასეთ გზას გადის პიესის მთავარი პერსონაჟი იუჯინ ჯერომი.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი ყორღანაშვილი, თორნიკე ქინქლაძე, ვანო დუგლაძე, ირაკლი გოგოლაძე, გიორგი ოქრუაშვილი, ნინო ანდრიაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი.

დიმა ხვთისიაშვილი, სპექტაკლის რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- დაახლოებით 2 თვე-ნახევარი ვიმუშავეთ და ძალიან საინტერესო და ინტენსიური იყო ეს პროცესი. მასალის მიმართ თავისთავად დიდი ინტერესი იყო. პიესა პირადად ჩემთვის არის ცხოვრებაში პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებზე... ამიტომ, როდესაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ჩვენთან მოდიან, სპექტაკლით ვეუბნებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გადადგამ დამოუკიდებლად ამ პირველ ნაბიჯებს.

დიახ, სპექტაკლი ბევრ რამე პირველზეა, - პირველ სიყვარულზე, პირველ იმედგაცრუებაზე, პირველ სექსზე, პირველ ბოროტებაზე, პირველ ძმაკაცის დაკარგვაზე, რაღაცით განხიბლვაზე, რაღაცით მოხიბვლაზე ა.შ. ამიტომ, მგონია, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდებმა ცხოვრებაში უნდა ნახონ!

საიმონი თავად იყო ჯარში ნამყოფი და სწორედ იქიდან აქვს ბევრი რამ აღებული, რადგანაც ყველაფერი რეალურ განცდებსა და ემოციაზე აქვს აგებული, ეს ენერგეტიკა ნამდვილად იგრძნობა.

- მართლაც, რეალური ამბავია, რომელიც გათავისებული აქვს თითოეულ მსახიობს და დამაჯერებლად მოაქვს მაყურებლამდე... თავად თუ ხართ ჯარში ნამყოფი?

- არ ვარ ნამყოფი, უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი ჩვენი "სამხედრო" მსახიობებიდან მხოლოდ ორია ნამყოფი, ისიც დაცვის სამსახურში...

- ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლით ისინი ამ ვალდებულებას თქვენს სცენაზე იხდიან...

- მესმის, რასაც გულისხმობთ, საკმაოდ რთული ვარჯიშები იყო, რომელშიც ბიჭებს ჩვენივე მსახიობი, პაატა მხეიძე ავარჯიშებდა. მოკლედ, მათ ვეუბნებოდი, ჯარში გაგიწვიეთ და ვერ ხვდებით-მეთქი, კი, იყო ასეთი ხუმრობებიც...

მგონია, რომ საერთოდ, სპექტაკლშია დაკავებული ძალიან ახალგაზრდა მსახიობების თაობა. საკუთარ თავზე თუ რამეს მივიწერ, დასში ამ ადამიანების აყვანას, მათ შეკრებას. ბიჭები, რომლებიც აქ სამხედროების როლს ირგებენ, სხვადასხვა სპექტაკლში გაცილებით რთულ როლებს თამაშობენ.

მოკლედ, პირველივე დღეს როცა დამნიშნეს და დავიწყე საორიენტაციო რეპერტუარზე მუშაობა, - ეს პიესა იყო ერთ-ერთი პირველი, მაგრამ რომ დამედგა, აუცილებელი იყო ეს ჯგუფი გვყოლოდა, რომელიც 4 წელი ვაგროვე...

ახლა კი ვიწყებ იმ სპექტაკლზე მუშაობას, სადაც შუა თაობა იქნება წარმოდგენილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია...

- სერჟანტის როლში ირაკლი გოგოლაძე სცენაზე ვფიქრობ, ცეცხლს ანთებს... შთამბეჭდავი სახე შექმნა.

- სერჟანტის როლს ორი მსახიობი თამაშობს, რადგან ორი შემადგენლობა გამოდის სცენაზე. ვანო დუგლაძე ფანატიკოს სერჟანტს ასახიერებს, ირაკლი გოგოლაძე - ცინიკოსს... თითოეულის თამაშისას სპექტაკლი სხვადასხვანაირია, რაც არ არის ცუდი...

- წარმოდგენაში არის ნატურალისტური ელემენტებიც...

- კი, წვიმს სცენაზე, ჯარისკაცს გუბეში აყოფინებს სერჟანტი თავს, თუმცა სპექტაკლი არის ჰაეროვანიც. სცენა ცელოფნებით არის შემოსილი...

"ბილოქსი ბლუზისთვის" მოზარდმაყურებელთა თეატრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობა შედგა. საქართველოს თავდაცვის უწყება თეატრს სამხედრო ამუნიციით დაეხმარა, ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საპრემიერო სპექტაკლის პრომოს გადაღების უფლება მისცა. თეატრი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის!

* * *

პიესა ქართულად ანანო მირიანაშვილმა თარგმნა. დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძეა. სპეციალურად "ბილოქსი ბლუზისთვის" ორიგინალური მუსიკა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ დაწერა. სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძეს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფია ანანო სამსონაძეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება