სოხუმის ცენტრში თურქული აბანოები დაანგრიეს

 სოხუმის ცენტრში თურქული აბანოები დაანგრიეს

აფხაზეთში კიდევ ერთი ვანდალიზმი მოხდა, - სოხუმის ცენტრში, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ნუსხაში არსებული ძეგლის, თურქული აბანოების ისტორიული შენობის ექსკავატორით დანგრევა დაიწყეს. თუმცა, მუშაობის პროცესში, წყლის მილი გაწყვიტეს, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია და იძულებული გახდნენ, ნგრევა დროებით შეეჩერებინათ...

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სოხუმის მცხოვრებლებისთვის ეს ფაქტი სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც წყალი შეუწყდათ. ისინი მომხდარით დაინტერესდნენ და მაშინ აღმოაჩინეს, რომ თურქული აბანოების ნაწილი უკვე დანგრეული იყო... ნგრევის პროცესში ადგილზე გავიდნენ, ე.წ. კულტურის სამინისტროს ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტები და სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო შესყიდვის პრინციპით შეიძინა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ და იმ ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კორპუსის და სავაჭრო ცენტრის აშენების უფლებაც მოიპოვა. მშენებლების განმარტებით, ობიექტი ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან და შესაბამისად, ნგრევა კანონსაწინააღმდეგო არ არის.

თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ობიექტი ამ ნუსხიდან ამოღებული არასოდეს ყოფილა და ის 2015 წლის 29 დეკემბერის განახლებულ სახელმწიფო რეესტრშიც ირიცხება.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიას ადგილობრივი გავლენიანი კადრი მფარველობს, კულტურის სამინისტრო ცდილობს თურქული აბანოების ისტორიული შენობის ნგრევა შეაჩეროს, თუმცა, მისი ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია...

აღნიშნულ ფაქტს ქალაქის მოსახლეობის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ისინი სოხუმის მერიისგან შესაბამის ზომებს ითხოვენ, - აფხაზი საზოგადოების თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევის ნებართვის გამცემმა პასუხი უნდა აგოს...

თემურ სუხუმსკი:

- ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ თუ უკვე გაგვასახლეს?!.. იქნებ არ ვიცით და სოხუმი აღარ არის ჩვენი ქალაქი... რა ხდება ჩვენს თავს, ვისაც სადაც მოუნდება იქ ჩადგამს კორპუსს?.. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და ხელს ხომ არ ვუშლით ამათ?..

ლეილა თარბა: - არ ვიცი, რამდენად სანუგეშოა ის ვითარება, რომ ვანდალებმა შემთხვევით წყლის მილი გაწყვიტეს და აქედან გახდა ცნობილი, მათი ვერაგული განზრახვის შესახებ, თურქული აბანოების რაღაც ნაწილი გადარჩენილია, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ქალაქს და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს... იქნებ დროა, ხმა ამოვიღოთ...      

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იერიში მიიტანეს, - არც ისე დიდი ხნის წინ, აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი – VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 2011 წელს ე.წ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, "თავდაცვის სამინისტროს" გადაეცა. თუმცა, "სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის" გრიგორი კალაიჯანის და აფხაზი "დეპუტატის" გენადი შინკუბას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით, სამუშაოები შეაჩერეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე