ბათუმელი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, რომელიც აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, "ფეისბუქზე" წერს:
"2 საათია თვალები დამეწვა, დავიტანჯე, ცრემლსადენი გაზისა და დამწვარი ავტომანქანების კვამლი გვგუდავს. ჟურნალისტებზეც ძალადობენ აქციის მონაწილეები, სახეები არ გადაიღოთო.
ცრემლსადენ გაზს რამდენიმე წუთში ერთხელ ისვრიან, სხვა რეაგირება არ აქვს ძალივან უწყებას. უკვე დაწვეს 4 ავტომანქანა, მოანგრიეს მოაჯირები. მოკლედ უმართავი და კოშმარული ვითარებაა.
განსაკუთრებული აგრესია კამერების მიმართ აქვთ. გინება, ქვების სროლა, ცემა".
აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ დაპირისპირება და არეულობაა. შენობის წინ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნები მიიტანეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კოორესპოდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები ურნებს ეფარებიან, რათა სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები არ მოხვდეთ.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცალკეული ჯგუფები საპატრულო პოლიციის მანქანებს ატრიალებენ და დაზიანებას ცდილობენ.
სპეცრაზმის თანამშრომლები ამ დრომდე პოლიციის შენობის ეზოში არიან გამაგრებულები.