ხვალ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას ხმა უნდა მისცენ. ცვლილებები მმართველმა "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მოამზადა.
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HშYK) რეფორმირებას.
2017 წლის 20 იანვარს, პარლამენტმა კენჭი უყარა აღნიშნული ცვლილებების რეფერენდუმზე გატანის საკითხს.
კონსტიტუციაში ცვლილებები 18 პუნქტისგან შედგება. კერძოდ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. მუხლი 9 - სასამართლო ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი.
2. მუხლი 75 - პარლამენტის წევრების 550-დან 600-მდე გაზრდა.
3. მუხლი 76 - პარლამენტის წევრად გახდომის ასაკობრივი ცენზის 25-დან 18 წლამდე შემცირება, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის აუცილებლობა ამოღებულია. პირს, რომელსაც სამხედრო სამსახურთან კავშირი აქვს, არ აქვს უფლება არჩეული იყოს პარლამენტში.
4. მუხლი 77 - პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ოთხიდან ხუთ წლამდე გაიზარდა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთი და იმავე დღეს.
5. მუხლი 87 - პარლამენტის უფლებამოსილებებაა დეტალურად შეისწავლოს მინისტრების საქმიანობა და მოითხოვოს მთავრობისგან მისი საქმიანობის ანგარიში, აგრეთვე უქმდება მინისტრების ბრძანებულების გამოცემის უფლება რაიმე საკითხზე.
6. მუხლი 98 - პარლამენტს შეუძლია გააკონტროლოს მთავრობა და ვიცე-პრეზიდენტი: საპარლამენტო გამოკვლევით, საპარლამენტო გამოძიებით, საჯარო დისკუსიითა და წერილობითი შეკითხვით. ვიცე-პრეზიდენტი ვალდებულია წერილობით შეკითხვას 15 დღის განმავლობაში უპასუხოს.
7. მუხლი 101 - არჩევნებში მონაწილეობისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს ერთმა ან მეტმა პარტიამ, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა 5% ან მეტი ხმა, ასევე საჭიროა 100 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. არჩეულ პრეზიდენტს, შეუძლია შეინარჩუნოს პარტიული კუთვნილება, თუ რომელიმე პარტიის წევრია.
8. მუხლი 104 - პრეზიდენტი ხდება, როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაური. მას გააჩნია უფლებამოსილება, დანიშნოს მინისტრები და ვიცე-პრეზიდენტი. პრეზიდენტს შეუძლია გასცეს აღმასრულებელი განკარგულებები. თუ პარლამენტმა იგივე აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, მაშინ პრეზიდენტის განკარგულება ბათილად ცხადდება.
9. მუხლი 105 - საპარლამენტო გამოძიება, რომელიც ეხება პრეზიდენტის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს, შეიძლება დაიწყოს პარლამენტის წევრთა 3/5 ხმით. გამოძიების დასრულების შემდეგ, პარლამენტს შეუძლია დაადანაშაულოს პრეზიდენტი წევრთა 2/3 ხმით.
10. მუხლი 106 - პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს ერთი ან მეტი ვიცე-პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტურია, მაშინ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 45 დღის განმავლობაში.
11. მუხლი 116 - პრეზიდენტს და პარლამენტის წევრთა 5/3 შეუძლიათ ახალი არჩევნების დანიშვნა.
12. მუხლი 119 - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება ენიჭება პრეზიდენტს, ხოლო ძალაში შედის პარლამენტის დამტკიცების შემდეგ.
13. მუხლი 142 - სამხედრო სასამართლოები უქმდება. მათი განახლება შესაძლებელია, როდესაც ომის დროს ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულებია გამოსაძიებელი.
14. მუხლი 159 - მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს სახელი შეიცვლება და მას "მოსამართლეთა და პროკურორთა საბჭო" ეწოდება. საბჭოს წევრების რაოდენობა 22-დან 13-მდე მცირდება. საბჭოს 4 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, 7 - პარლამენტი, დანარჩენი წევრები კი იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე არიან.
15. მუხლი 161 - პრეზიდენტი ბიუჯეტს პარლამენტს წარუდგენს, ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე 75 დღით ადრე.
ცვლილებები (2, 4 და 7 პუნქტები) ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩატარდება ახალი არჩევნები, ხოლო სხვა ცვლილებები (გარდა დროებითი მუხლისა) ძალაში შევა ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან. უქმდება ის მუხლი, რომელიც კრძალავს არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკური პარტიის წევრობას.
მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 2019 წლის 3 ნოემბერს. თუ პარლამენტმა გადაწყვიტა ვადამდელი არჩევნები, მაშინ ორივე არჩევნები გაიმართება იმავე დღეს. მოსამართლეთა და პროკურორთა საბჭოს არჩევნები გაიმართება ამ კანონის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. სამხედრო სასამართლოები გაუქმდა მას შემდეგ, რაც ეს კანონი ძალაში შევა.