რა შეიცვლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ერდოღანის უპირობო ძალაუფლების ფონზე

რა შეიცვლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ერდოღანის უპირობო ძალაუფლების ფონზე

არაბული სამყარო კმაყოფილია რეფერენდუმით, რომელშიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მცირედი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება. დასავლური საერთაშორისო საზოგადოება ამ სიახლეს სხვანაირად შეხვდა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა აზერბაიჯანიც - ადგილობრივი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აზერბაიჯანში, თურქეთის მოკავშირე და მეგობარ ქვეყანაში, ავტორიტარიზმი და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდება. "კავკაზსკი უზელი" თურქეთში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს საკოორდინაციო ცენტრის წევრი გიულტექინ გაჯიბეილის თქმით, აღნიშნული რეფერენდუმი სერიოზული მოვლენაა თურქეთისთვის. იქ მიმდინარე პროცესები მეტი სტიმული იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, გააძლიერებს ავტორიტარიზმსა და მოიმატებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

პარტია "რესპუბლიკური ალტერნატივას" აღმასრულებელი მდივნის ნატიგ ჯაფარლის თქმით, შესაძლოა, ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული პროცესი ახლა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

"თურქეთი აზერბაიჯანისთვის მოძმე და მეგობრული ქვეყანაა და აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეზე გავლენის მოსახდენად დიდი შესაძლებლობა აქვს. თურქეთი ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად ძალღონეს არ დაიშურებს... საქმე ის არის, რომ ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ეკონომიკური ინტერესები აკავშირებს, - თურქეთი აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. აქვთ მსხვილი ერთობლივი ინვესტიციები",- აცხადებს ჯაფარლი.

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ ფასეულობებს, ეს მხოლოდ აზერბაიჯანის თავის ტკივილი არ იქნება; არანაკლებ საინტერესოა, როგორ აღიქმება მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოში.

დასავლელი ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ევროკავშირის იმედების გაცრუება თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დიდი ხანია დაიწყო. ერდოღანის რიტორიკა ბოლო პერიოდში მკაცრი იყო ბრიუსელის მისამართითაც. რეფერენდუმის წინა პერიოდში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი თავად იტყვის უარს ევროკავშირის წევრობაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეფერენდუმიც ჩატარდეს. ანკარა საუბრობს ასევე სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებაზე, რასაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან.

ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით, პრეზიდენტ ერდოღანის ძალაუფლების დაუბალანსებლად გაძლიერების შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ მმართველობას, რაც, თავის მხრივ, გააუარესებს ანკარის ურთიერთობას დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საქართველომ, რომელიც სწორედ დასავლეთისკენ ისწრაფვის, უარყოფითი შედეგები იწვნიოს.

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თუკი თურქეთმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გზიდან გადაუხვია და საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს, შესაძლოა იმპერიალისტურმა ამბიციებმაც იმძლავროს და მაშინ საქართველოს ახალი თავსატეხი გაუჩნდება... თუმცა, როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეუძლებელია ბოლომდე გაფუჭდეს ურთიერთობა თურქეთსა და დასავლეთს შორის, რადგანაც ნატოს წევრი თურქეთი ძვირფასი პარტნიორია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. თავის მხრივ, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არც თურქეთს აძლევს ხელს.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს დიდწილად დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული და თუკი ანკარა არ გაწყვეტს ურთიერთობას ბრიუსელთან, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე სახის გარდამტეხ კავშირზე მოსკოვსა და ანკარას შორის. მისივე თქმით, ბოლო დროს, რუსეთსა და თურქეთს შორის მხოლოდ "ხანმოკლე ფლირტი" იყო, რითაც თურქეთმა დასავლეთის მიმართ წყენა გამოხატა, მაგრამ ბოლო ხანებში სირიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ვითარება ისევ შეცვალა...

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე