საფრანგეთი ფლობს მტკიცებულებებს, რომ 4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევისას ზარინის მომწამლავი გაზი გამოიყენეს, - აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ განაცხადა.
"საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მიღებულმა სინჯებმა ერთმნიშვნელოვნად აჩვენეს, რომ ქიმიური შეტევის დროს ზარინის გაზი იყო გამოყენებული", - განაცხადა ეირომ.
მისი თქმით, "არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული მომწამლავი ნივთიერება სირიაში მდებარე ლაბორატორიაში იყო წარმოებული".
"არანაირი ეჭვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ეკისრება", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე განცხადებით, საფრანგეთი ასევე ფლობს დადასტურებულ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ 4 აპრილს, იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში სირიის საჰაერო ძალებმა ექვსი ავიადარტყმა განახორციელეს.