ანაკლია! რა აკლია? GEM Fest 2017!

ანაკლია! რა აკლია? GEM Fest 2017!

ორი დღის წინ, ცნობილმა გამოცემა The Independent-მა, GEM Fest-ი ევროპის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალთა შორის დაასახელა. ამის პარალელურად, ანაკლიაში, სადაც ფესტივალი წელს უკვე მესამედ ჩატარდება, მედიატური გაიმართა, რომელსაც GEM Fest-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზატორებმა უმასპინძლეს.

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი 14 ივლისს აიღებს სტარტს და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თავად პროექტის ორგანიზატორი გიორგი სიგუა იმდენად დარწმუნებულია, რომ სამეგრელოს ტურიზმი ძალიან სწრაფი განვითარების გზაზეა, გადაწყვიტა საცხოვრებლად თბილისიდან სამეგრელოში გადავიდეს ოჯახთან ერთად.

ქართული მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ანაკლიაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს ადგილზე გაცნობოდნენ და ბენეფიციარებსაც შეხვედროდნენ.

დაათვალიერეთ ფოტოები

პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს სოფლებში მცირე სასტუმროებისა და სახლების მფლობელებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. შედეგად, მათ უკვე თავად შეუძლიათ სხვადასხვა დასაჯავშნ საიტზე დარეგისტრირება, საკუთარი ბინებისა და სასტუმროს ფოტოების განთავსება და უცხოელი სტუმრების მოზიდვა ფესტივალისთვის.

დღეის მდგომარეობით, ანაკლია- განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტის ბენეფიციართა თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი ან გაყიდულია როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.

მარინა თოდუა, პროექტის ბენეფიციარი: "როდესაც booking.com-ზე ავტვირთე საკუთარი სასტუმროს მონაცემები, იმავე დღეს დაჯავშნეს ნომერი შვეიცარიიდან. ეს წარმოუდგენელი შოკი იყო ჩემთვის".

"ჩვენ ვართ ეკონომიკური სასწაულის მომსწრე, რომელიც ხდება ანაკლიასა და ზოგადად სამეგრელოს რეგიონში. მას შემდეგ, რაც USAID-ის დახმარებით ანაკლია-განმუხურის მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ შეძლო მოეწესრიგებინა თავისი საოჯახო სასტუმროები და სახლები, ისინი თითქმის სრულად დაჯავშნილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამეგრელოს ტურიზმი, ძალიან სწრაფი განვითარების გზაზეა" - აღნიშნა "ჯემ ფესტის" ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ.

"ეს ფესტივალი გახლავთ ღირსშესანიშნავი ღონისძიება საქართველოს ღონისძიებათა კალენდარში და აქვს მნიშნელოვანი რეგიონალური განვითარების ფუნქცია და ამიტომ "ჯემ ფესტი" მნიშნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობისაგან", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიგოვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გასტანს. თუკი ელექტრონული მუსიკა, მზე, ზღვა, თავგადასავლები და გართობა გიზიდავთ, ანაკლიაში ყველაფერი ერთად დაგხვდებათ!

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება