ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვიდეო-მიმართვაში, რომელიც ემანუელ მაკრონმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
„მე ყოველთვის მადლობელი ვიყავი ფრანგ ხალხთან მეგობრობით და იმით, რაც ჩვენ ერთად განვახორციელეთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ვიყავი. საფრანგეთის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის მომავალისთვის და იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საფრანგეთის წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს სრულიად მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.
„მე აღფრთოვანებული ვიყავი ემანუელ მაკრონის კამპანიით. ის ლიბერალურ ღირებულებებს იცავდა. მან ის მნიშვნელოვანი როლი წარმოაჩინა, რომელსაც საფრანგეთი ევროპაში და მსოფლიოში თამაშობს. ის ფრანგებს უკეთესი მომავლით უზრუნველყოფს. ის ხალხის იმედს უჩენს და არა შიშს. მე დიდი სიამოვნება მივიღე მაკრონთან საუბრისას, როდესაც მისი ხედვები განვიხილეთ. მინდა საფრანგეთში ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდეს თუ როგორ ვგულშემატკივრობ თქვენს წარმატებებს. ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ. წინ! გაუმარჯოს საფრანგეთს!“ - დასძინა მან.