პრომოსკოვური პოლიტიკის მარცხი საფრანგეთში

პრომოსკოვური პოლიტიკის მარცხი საფრანგეთში

7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 65,9% მიიღო. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ამომრჩეველთა ხმების 34,1% მიიღო.

მაკრონი ცენტრისტი ლიბერალია და ის საფრანგეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. მარინ ლე პენი კი, პირიქით, - მისი პროგრამა ანტისაემიგრაციო პოლიტიკაზე იყო აწყობილი და მას საფრანგეთის ევროკავშირიდან დისტანცირება, საერთოდაც, ქვეყანაში ევროკავშირის წევრობის მიზანშეწონილობაზე რეფერენდუმის ჩატარება სურდა...

საქმე ის არის, რომ მეორე ტურამდე, ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და ამერიკის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოუცხადეს... ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის საარჩევნო შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და ეჭვი, როგორც წესი, რუსეთზე მიიტანეს.

მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა ასეთ ბრალდებებს, ისევე როგორც უარყოფდა იმ ბრალდებასაც, რომ საფრანგეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. არადა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის ოთხი წამყვანი კანდიდატიდან, სამი პრომოსკოვურ პოლიტიკას ემხრობოდა...

"ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი, სკანდალებით ცნობილი მემარჯვენე კანდიდატი, კონსერვატორი რესპუბლიკელების წარმომადგენელი ფრანსუა ფიიონი, მემარცხენე კომუნისტი კანდიდატი, ჟან-ლუკ მელანშონი - სამივე მათგანი აღტაცებულია პუტინით, ანუ ლიდერით, რომელიც არც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს და არც პასუხისმგებლობა გამოუმჟღავნებია დიდ საერთაშორისო კონფლიქტებში. მეტიც, მარინ ლე პენი საჭიროდ მიიჩნევს მოსკოვისთვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას...", - განაცხადა 10 აპრილს ქალაქ ლიონში წინასაარჩევნო შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

"რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებული საერთაშორისო პრესის მიმოხილვის მიხედვით, - 48 წლის მარინ ლე პენი, რომელიც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ნაციონალური ფრონტის" დამაარსებლის, ჟან-მარი ლე პენის ქალიშვილია, კრემლის ყველაზე სასურველ კანდიდატად იყო მიჩნეული.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის გეგმები, - ევროკავშირისა და ნატოს დასუსტება, აშკარად ემთხვეოდა კრემლის ამოცანებს, თუმცა ამავე ამოცანებს ისახავდა მიზნად ჟან-ლუკ მელანშონიც. რაც შეეხება კონსერვატორ ფრანსუა ფიიონს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, ის მეგობრობს პუტინთან და იზიარებს მის მოსაზრებას, რომ ნატოს გაფართოება დაუშვებელია!

ასე რომ, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, რადგან პროდასავლურ მტკიცე პოზიციაზე იდგა, 39 წლის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი, ემანუელ მაკრონი იყო... რუსული მედია ყველანაირად ცდილობდა მაკრონის პოზიციის დასუსტებას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ "ORT" და "სპუტნიკი", რომელთა ინფორმაციითაც, მაკრონი აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი იყო.

ფრანგული მემარცხენე ყაიდის გაზეთ "მონდის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი მხარდამჭერი ემანუელ მაკრონს ჰყავდა, მას მოჰყვებოდა, ლეპენი, ფრანსუა ფიიონი და ბოლოს, მელანშონი.

"მონდი" მკითხველებს შეახსენებს, რომ საფრანგეთში ნამდვილი ძალაუფლება პარლამენტის ხელშია. საფრანგეთის მემარცხენე და სოციალისტურმა ელექტორატმა ჯერ უნდა აირჩიოს მაკრონი და შემდეგ პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლოს. "უმრავლესობით არჩეული მაკრონი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება, მაგრამ საფრანგეთს ვერ უხელმძღვანელებს. ეს იქნება იმ მთავრობის როლი, რომელიც ნაციონალურ ასამბლეაში უმრავლესობას მოიპოვებს. შედეგად, ძალაუფლების კონცენტრაცია სწორედ ნაციონალურ ასამბლეაში მოხდება, სადაც ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი. წარსულს ჩაბარდება მეხუთე რესპუბლიკის საპრეზიდენტო ინტერპრეტაციები, რასაც საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა უპირისპირდება," - წერს საფრანგეთის წამყვანი გაზეთი "მონდი".

გერმანული ლიბერალ-კონსერვატიული "ტაგესშპიგელის" მოსაზრებით, - მაკრონის გამარჯვებით ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ევროპა და მთელი დასავლეთი დგას, ვერ მოგვარდება. რადგან "ეს არის დაპირისპირება განათლებულ, მაღალშემოსავლიან და გლობალიზაციის მომხრე კლასსა და იმიგრაციის მიმართ მტრულად განწყობილ, კერძო საკუთრების ტრადიციული ფორმებისა და ნაციონალიზმისკენ დაბრუნების მსურველ ელექტორატს შორის". მათი თქმით, მაკრონის გამარჯვებას დამარცხებული მხარე ისე აღიქვამს, როგორც კიდევ ერთ შეურაცხყოფას ქედმაღალი ელიტისაგან, რასაც უკვე სოციალური განხეთქილების გაღრმავება მოჰყვება და ამ პრობლემას კი, ვერც მაკრონი და ვერც მერკელი მოაგვარებს", - წერს გერმანული ლიბერალ-კონსერვატიული გამოცემა "ტაგესშპიგელი".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

Emmanuel Macron, 39, becomes France's youngest president

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"