მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე - რას მოასწავებს აშშ-სა და რუსეთს შორის გახშირებული პროვოკაციები

მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე - რას მოასწავებს აშშ-სა და რუსეთს შორის გახშირებული პროვოკაციები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ დროს მოკავშირე აშშ-სა და სსრკ-ს შორის, განსხვავებული სამხედრო-პოლიტიკური შეხედულებების გამო, წარმოქმნილი დაპირისპირება ისტორიაში ცივი ომის სახელით შევიდა. მოწინააღმდეგის დაშინებისა და საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, მხარეები გამუდმებით ზრდიდნენ სამხედრო პოტენციალს და ერთმანეთის ღია თუ ფარულ პროვოკაციებსაც არ ერიდებოდნენ.

ცივი ომი სსრკ-ს დაშლასთან ერთად დასრულდა. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე სავსებით რეალურია, რომ უახლოეს მომავალში ახალი ცივი ომი დაიწყოს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მხარეებს შორის კონფრონტაციების რიცხვმა იმატა. გახშირდა სამხედრო საშუალებების გამოყენებით ძალის დემონსტრირების შემთხვევები.

აშშ-ისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ძალის დემონსტრირების საუკეთესო მეთოდი ნეიტრალური საჰაერო სივრცე და საზღვაო წყლები გახდა.

ბოლო მსხვილი ინცინდენტი, რომელიც ცოტაც და კატასტროფაში გადაიზრდებოდა, 2017 წლის 9 მაისს მოხდა. ამერიკული მხარის მტკიცებით, შავი ზღვის აკვატორიის თავზე მფრენ მზვერავს P-8A Poseidon-ს რუსულმა გამანადგურებელმა 3 (მეორე მონაცემებით 6) მეტრის დისტანციაზე ჩაუფრინა. სავსებით რეალურია, რომ მსგავსი სახიფათო მანევრი თვითმფრინავების დაჯახებით დასრულებულიყო. რუსები მომხდარს არ უარყოფენ. მათი ვერსიით, ამერიკული თვითმფრინავი მათ საზღვრებთან ზედმეტად ახლოს დაფრინავდა და ამ გზით რუსი პილოტი მის უკან გაბრუნებას შეეცადა.

ერთ კვირით ადრე ალასკის სიახლოვეს მფრენი რუსული ბომბდამშენებისთვის გზის გადასაჭრელად, ამერიკელებს გამანადგურებლების ჰაერში აშვება მოუხდათ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ინცინდენტები პრაქტიკულად ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ ხდება.

სახიფათო მანევრების განხორციელებას მხარეები არც ზღვაში ერიდებიან. ერთმანეთის ხომალდების თავზე დაბალ სიმაღლეზე საბრძოლო თვითმფრინავებით გადაფრენა ჩვეული პრაქტიკა გახდა. მსგავსი ქმედებებით მოსკოვიც და ვაშინგტონიც პოტენციური მოწინააღმდეგისთვის ძალის დემონსტრირებას ახდენენ.

2016 წლის ივნისის ბოლოს ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Gravely-ი სირიისკენ მიმავალ რუსულ სადარაჯო ხომალდ Ярослав Мудрый-ს 60-70 მ მანძილზე მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა. ხომალდების ზომების გათვალისწინებით (ამერიკულის სიგრძე 155 მ, რუსულის - 117 მ), ასეთ მცირე მანძილით მიახლოებისას, შეჯახების ალბათობა ძალზე დიდია. ინცინდენტის შემდეგ, ტრადიციულად მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

გასული საუკუნის ცივი ომისგან განსხვავებით, ჯერჯერობით მსგავსი ინცინდენტები მშვიდობიანად მთავრდება. თუმცა შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული.

ცნობისთვის, 1987 წლის 13 სექტემბერს ბარენცის ზღვის თავზე მფრენი ნორვეგიული საპატრულო თვითმფრინავ P-3C Orion-ზე დაკვირვებისთვის, რუსებმა ჰაერში გამანადგურებელი Су-27-ი აუშვეს. მას პილოტი ვასილი ციმბალი მართავდა. ნორვეგიულ თვითმფრინავთან მიახლოებულმა ციმბალმა, მის სიახლოვეს სახიფათო მანევრების შესრულება დაიწყო. მორიგი მანევრისას ის თვითმფრინავის კუდით Orion-ის ერთ-ერთ ხრახნს წამოედო. საბჭოური თვითმფრინავი უმნიშვნელოდ დაზიანდა. ნორვეგიულზე კი დამტვრეული ხრახნის ფაგმენტებმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა.

ინცინდენტის შემდეგ თვითმფრინავები ბაზებზე დაბრუნდნენ. ციმბალმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია დამალა. დღის ბოლოს ნორვეგიაში საბჭოთა ელჩს პირველი საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს. მალე ინფორმაციამ მოსკოვამდეც მიაღწია. თავიდან რუსი პოლოტი ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, მისდა საუბედუროდ, Orion-ის ეკიპაჟი მის საჰაერო პირუეტებს ვიდეო და ფოტოფირებზე იღებდა. ოსლოსთვის ბოდიშის მოხდა სსრკ-ს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს მოუხდა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ციმბალის დაპატიმრებას მოითხოვდა. თუმცა სამხედროებმა შესძლეს შევარდაძის გადარწმუნება. პილოტს საყვედური გამოუცხადეს და სხვა ნაწილში გადაიყვანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე