"ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად...ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი - ბიონსეს" - თაკო გაჩეჩილაძის ვრცელი ინტერვიუ "ევროვიზიაზე" და პასუხი კრიტიკოსებს

"ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად...ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი - ბიონსეს" - თაკო გაჩეჩილაძის ვრცელი ინტერვიუ "ევროვიზიაზე" და პასუხი კრიტიკოსებს

"ევროვიზიაზე" საქართველო წელს თამარა გაჩეჩილაძემ წარადგინა. მართალია ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ თამარას გამოსვლამ თავი მთელ ევროპას დაამახსოვრა და "ბი ბი სი"-ს ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. "ევროვიზიაზე" გასვლის წინ, თაკოს ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც მომღერალი "მამაო ჩვენოს" ლოცვას ამბობდა. ვიდეოს გავრცელებას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხმა ცინიკურად შეაფასა.

უკრაინიდან დაბრუნებულმა თამარა გაჩეჩილაძემ Ambebi.ge-ს პირველი ინტერვიუ მისცა და "ევროვიზიის" შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- თამარა, როგორ შეაფასებთ "ევროვიზიაზე" თქვენს გამოსვლას?

- თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, ჩემს გამოსვლებს არასდროს ვუყურებ, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია. მომღერალმა უნდა უყუროს თავის გამოსვლას და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. მე მჯერა ჩემი ძალების და ვიცი, ცუდად არ ვმღერი, მაგრამ არ მიყვარს ჩემი თავის მოსმენა. მანქანაშიც კი არ ვუსმენ ჩემს სიმღერებს. პერფექციონისტი ვარ და იდეალურად მინდა ყველაფერი. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას "ევროვიზიაზე", ვუყურე, პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ნომერი მომეწონა. შესაძლოა ხმამაღლა ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენს ძალებში რაც შედიოდა, მაღალ დონეზე გაკეთდა. რა თქმა უნდა, მინდოდა მადონას შოუ, მაგრამ ამის ბიუჯეტი არ მქონდა. რასაც ხალხს დავპირდი, ის შევასრულე. საქართველო ევროვიზიაზე ღირსეულად წარვადგინე და შევასრულე. ამას ბლოგერებიც, ჟურნალისტებიც და უამრავი უცხოელი ადამიანი ამბობს. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და დანარჩენი პოლიტიკა იყო თუ რა იყო, მეორე ხარისხოვანია. ყველას გაგვეხარდებოდა გამარჯვება, მაგრამ ის მხოლოდ სიმღერის კონკურსი არაა. ამაში წელს მონაწილეებიც დარწმუნდნენ.

- ელოდით ფინალს მიღმა დარჩენას?

- ამ გადაწყვეტილებას სიცილით შევხვდი. ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად და ყველა შოკში ჩავარდა, ფინალში რომ ვერ მოვხვდი. მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები, ერთმა კონკურსანტმა იტირა კიდეც, მე გადავედი და შენ როგორ ვერ გადახვედიო. ხალხი ძალიან მანებივრებდა ყურადღებით, ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი ბიონსეს და ძალიან გამანებივრეს.

- "ევროვიზიაზე" გასვლის წინ, თქვენმა ბრიტანელმა მენეჯერმა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ელოდით ამას?

- გულწრფელად გეუბნებით, ეს უფრო მეტკინა, ვიდრე ის, რომ საქართველო ვერ მოხვდა ფინალში. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია, კვირას ტაძრები სავსეა, ყველა დღესასწაულს აღვნიშნავთ და ცინიკური დამოკიდებულება, რაც ჩემი ლოცვის ვიდეოს მოჰყვა, ჩემთვის უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ის, ფინალში რომ ვერ მოვხვდი. არავინ იფიქროს, თითქოს თავს ვიმართლებ, არც ვიცოდი, ჩემი მენეჯერი ამ ვიდეოს თუ იღებდა. კარგად თუ დააკვირდებით, ვიდეოში თვალები დახუჭული მაქვს, ყველა ლოცვის დროს ასე ვლოცულობ. იქ ისეთი რეჟიმია, გამორიცხულია ეს ყველაფერ მომღერალმა გააკეთოს. ამიტომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, კონკურსზე ჰყავს თავისი მენეჯერი... ისანე პოსტავდა, არც უკითხავს ისე დადო ვიდეო და ვერც წარმოიდგენდა, ეს ამბავი თუ ატყდებოდა. სხვა ქვეყნის მონაწილეებიც ასე ხელჩაკიდებული ლოცულობდნენ, სპეციალურად ვნახე ვისთან რა რეაქცია იყო და ხალხი თავად ლოცულობდა მისი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. ვისაც ლოცვა "უტყდება", ვეტყვი, რომ თუ საჭირო გახდება მე თვითონ დავდებ ასეთ ვიდეოს. სადაც მინდა, იქ ვილოცებ. მომიტევეთ, სცენაზე გასვლის წინ კედელი რომ არ ავიშენე და სპეციალურად ლოცვისთვის არ ჩავიცვი. ღმერთს არ დაუწესებია სად უნდა ვილოცოთ, ადამიანს სადაც უჭირს, იქ ილოცებს. რომ დაწერეს თითქოს ფარისევლური ლოცვა იყო, რა ანალიზატორი გაქვთ? დარწმუნებული ვარ, ვინც დამცინა, საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილს ამ ცოდვისთვის აუცილებლად მოეკითხება. მე ყველას ღმერთს პატივს ვცემ. რელიგია ისეთი თემაა, რომელსაც არ უნდა შეეხო. ყველას თავისი ღმერთი ჰყავს. როცა ჩემს სივრცეში შემოდიხარ და ყველაზე აღმატებულ ლოცვაზე ღადაობ, სირცხვილია.

- რა ხდებოდა ევროვიზიის კულისებში?

- ეს დაძაბული რეჟიმის მქონე კონკურსია. ვამბობ, ჩათვალეთ, ჯარში ვიყავი-მეთქი. დილის 7 საათზე იღვიძებ, მანქანა გაკითხავს და მთელი დღე გადაღებები, რეპეტიციები და ინტერვიუები გაქვს. ეს არის სასიამოვნო საგიჟეთი. შენი საქმე თუ არ გიყვარს, ამას ვერ გაუძლებ. მთელი ენთუზიაზმით ვაკეთებდი ამ ყველაფერს. დრო უკან რომ დაბრუნდეს, ისევ წავიდოდი "ევროვიზიაზე", რადგან ყველაფრის მიუხედავად "ევროვიზია" დიდი სკოლაა. ასე მგონია, კიდევ ერთი უმაღლესი დავამთავრე და ჩამოვედი. ეს გამოცდილება იმაზე დიდია, ვიდრე რომელიმე ადგილი. მე კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი სიტყვა შევასრულე და საქართველო ღირსეულად წარვადგინე კონკურსზე.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს