"არაბული NATO"-ს პერსპექტივა და არეულობის ახალი ტალღის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

"არაბული NATO"-ს პერსპექტივა და არეულობის ახალი ტალღის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რეგიონში, რომელიც სამხედრო-პოლიტიკური კუთხით წყნარი არასდროს ყოფილა, კიდევ უფრო დაიძაბა. სირიაში მიმდინარე დაუსრულებელი სისხლიანი დაპირისპირება ირანში განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა და ყატარის წინააღმდეგ მოულოდნელად ამოქმედებულმა დიპლომატიურმა ბერკეტებმა გადაფარა.

ამ ყველაფრის პარალელურად აშშ-ირანის სამომავლო ურთიერთობა კიდევ უფრო ბუნდოვნად გამოიყურება. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ვაშინგტონის მხრიდან თეირანის მიმართულებით გაუთავებელი ბრალდებები ისმის. ამერიკელი ლიდერი ირანს ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში ადანაშაულებს. ვალში არც თეირანი რჩება და ამერიკას რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და კრიზისის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს.

ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჰასან რუჰანის იმედები ირანისთვის "არაბირთვული" სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, კვლავ იმედებად რჩება. მოლაპარაკებების სანაცვლოდ თეირანიდან 1 000 კმ-ის მოშრებით, საუდის არაბეთის დედაქალაქში მყოფმა ტრამპმა ირანი ტერორისტების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადანაშაულა და ქვეყნებს მისი იზოლაციისკენ მოუწოდა.

უკვე დიდი ხანია არსებობს რეგიონში "არაბული NATO"-ს შექმნის გეგმა. ახლო აღმოსავლეთის სუნიტური ქვეყნების სამხედრო კავშირი, რომელიც ირანის შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.

საკუთარი ქმედებით ვაშინგტონმა რეგიონში ძლიერი ნეგატიური ტალღა ააგორა. აზრის შეცვლის შემთხვევაშიც კი, აშშ-ირანის ურთერთობების ახალ რელსებზე გადაყვანა ძალზე რთული იქნება. პირველ რიგში ამას მხარს რეგიონში ირანის წინააღმდეგ ამხედრებული სახელმწიფოები შეეწინააღმდეგებიან.

ერთადერთი იმედი, რომელსაც ირანს მყარად შეუძლია დაეყრდნოს, სუნიტური კავშირის შიგნით არსებული უთანხმოებაა. ამის ნათელი მაგალითი ყატართან დიპლომატიური ურთერთობების გაწყვეტაა.

ათმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, იემენმა, ლიბიამ, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ, მავრიკიამ, მავრიტანიამ, მალდივის რესპუბლიკამ და კომოროს კუნძულთა კავშირმა, თითქმის ერთდროულად დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს და ყატარის თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცეც ჩაკეტეს.

სამეზობლო ყატარს "ალ-ქაიდას" იდეოლოგიის გავრცელების ხელშეწყობასა და "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში სდებს ბრალს. განაწყენებული მხარეების მტკიცებით, ყატარი, მათ შიდა პოლიტიკაში ჩარევით, რეგიონში არეულობის მოწყობას ცდილობს. ყატარის დიპლომატებს განაწყენებული სახელმწიფოს დატოვებისთვის 48 სთ მისცეს, შემოიღეს სატრანსპორტო ბლოკადა, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს და "ალ-ჯაზირას" მაუწყებლობა აკრძალეს.

მსგავსი რამ უკვე მოხდა 3 წლის წინ. მაშინ საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მოულოდნელად დოჰადან ელჩები გაიწვიეს. 8 თვიანი კრიზისი ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო. ყატარმა ჰუსიტებთან საბრძოლველად საუდის არაბეთს 1 000 ჯარისკაციც კი გაუგზავნა.

ამჯერად, ვითარება გაცილებით მძიმეა. სახმელეთო და საჰაერო ბლოკადა ყატარის ეკონომიკას სეროზულ ზიანს მიაყენებს.

თურქეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში პერიოდულად აქტიურად ერთვება, ამჯერადაც თავი გამოიჩინა. ანკარა მზადაა გაჭირვების ჟამს დოჰას დახმარების ხელი გაუწოდოს. თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა, ყატარს საკვები და სასმელი წყალი მიაწოდოს.

ბლოკადამ ყატარი არა მხოლოდ დიპლომატიური კუთხით ჩააგდო რთულ ვითარებაში. საკვები პროდუქტის ნახევარზე მეტს ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოებისგან ღებულობდა. ამჟამად კი, იძულებული გახდა დახმარებისთვის ანკარას მიმართოს. თავის მხრივ, რეგიონში საკუთარი პოზიციის განმტკიცებისთვის თურქეთისთვის ეს იდეალური საშუალებაა.

პარალელურად, თურქეთის პარლამენტი დაჩქარებული ტემპით განიხილავს კანონპროექტს ყატარის ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტის განთავსების თაობაზე.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"