არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში: "წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს"

არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში: "წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს"

აფხაზეთში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ფაქტსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებს, ადგილობრივი მოსახლეობის მღელვარება მოჰყვა. მოძრაობა " აფხაზეთის ქალები" ე.წ. პარლამენტისგან 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. თუმცა, მათივე თქმით, ბრალდებულის ძმა, ალმას ჯოპუა "დეპუტატია" და შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიებას, რათა მისი ოჯახის რეპუტაცია არ შეილახოს.

არსებული ინფორმაციით, ამ საზარელი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 17 ივნისს, გაუპატიურებული გოგონას მამამ მისი უფროსი, 25 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მამა ე.წ. სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა, თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, ის მიიმალა. გოგონას ცხედარი კი, რომელსაც ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, ქუჩაში იპოვეს...

აფხაზეთში ამბობენ, რომ სწორედ დეპუტატი ალმას ჯოპუა შეხვდა გოგონების მამას და მას დანაშაულისკენ უბიძგა, რათა საქმის მოწმე ჩამოეშორებინა. არსებული ინფორმაციით, მან ოჯახის უფროს ქალიშვილს მეძავი და ღირსების შემლახველი უწოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ისევე როგორც არ არის დაზუსტებული, თუ სად და როდის დაიწყო დაპირისპირება მსხვერპლი გოგონასა და ბრალდებული ჯოპუას ოჯახებს შორის, რომელმაც ძალიან მძიმე და ტრაგიკული სახე მიიღო.

"ამ გაუბედურებულ ოჯახს არავინ ჰყავს დამცველი. მათ ადვოკატის აყვანისა და თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ, განსხვავებით ჯოპუებისგან, რომელთაც ზურგს მთელი აფხაზეთის საზოგადოება უმაგრებს. ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს და იმასაც, თუ როგორი რეაქცია გექნებათ თქვენ, პარლამენტის წევრებს" - განაცხადეს მოძრაობა "აფხაზეთის ქალების" წევრებმა, რომელთა თქმითაც, მათი შვილების მომავალსაც ახლა, ამ მძიმე პერიოდში ჩამოყალიბებული "კანონის უზენაესობა" განსაზღვრავს.

ადგილობრივი ფსიქოლოგი ელენა ქორთუა, რომელიც გაუპატიურებული არასრულწლოვანის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ამ საქმის გარშემო არავითარი ეჭვი არ არსებობს - გოგონა გააუპატიურეს და ასტამურ ჯოპუას თავის მართლება, რომ თითქოს მას არაფერი ჩაუდენია, მიუღებელია.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის აფხაზეთში, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, არ ხმაურდება და როგორც წესი, ან "გავლენიანი პირების ჩარევის შემდეგ იფარცხება, ან საქმე იძულებითი ქორწინებით სრულდება. ასეთ შემთხვევებში, ორივე მხარე კმაყოფილია, რადგან ყველა ჩუმად არის. ბოლო ფაქტის დროს კი, დამნაშავის მუქარის მიუხედავად, "მილიციას" მაინც მიმართეს. "თუმცა, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს, რადგან ეშინია, პირველ რიგში ოჯახის რეაქციის, შემდეგ კი საზოგადოების..." - აცხადებს ელენა ქორთუა.

ცნობისთვის, ეს მართლაც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთში არასრულწლოვანი გააპატიურეს, - 2013 წლის 2 დეკემბერს, 8 წლის ვერჯინე სურმენელიანი, სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში ნაწამები იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოძალადემ ის გააუპატიურა და შემდეგ, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა...

16 ივნისს, სურმენელიანის ფაქტის გარშემო დაწყებული საქმის მორიგი "სასამართლო" გაიმართა, რა დროსაც, აფექტის მდგომარეობაში მყოფ გოგონას დედას ნერვებმა უმტყუნა და ბრალდებულის მხარის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ადგილზე დააკავეს და მას 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დანაშაულებების გამოძიებაზე კონტროლს ე.წ. პარლამენტში, "თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი იტვირთავს".

ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე