"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ

"იქ ისეთი სანახაობა დაგვხვდა, მსგავსი ფოტოზეც არასდროს მინახავს" - ახალი მღვიმე რაჭაში, რომლის შესახებ შესაძლოა არაფერი გსმენიათ

"...ზუსტად ვიცი, რომ პირველი ფოტოგრაფი ვარ, ვინც ეს საოცრება პირველმა ვნახე, გადავიღე და ჩემი ფოტოებით მსოფლიოს გავაცნობ, რომ არსებობს უცნაური სილამაზე და ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის... რაჭა, მურადის მღვიმე, კლუბ "თეთნულდის" დარბაზი" - ეს ქუთაისელი მთამსვლელის, ფოტოგრაფის, მოგზაურ-მთამსვლელთა კლუბ "თეთნულდის" წევრისა და დამფუძნებლის არჩილ გეგენავას სიტყვებია.   

საქმე ეხება, 2014 წლის 1-ელ ნოემბერს აღმოჩენილ ახალი მღვიმის გასასვლელს, რომლითაც ჯერ ცოტამ თუ იცის, არადა, როგორც არჩილი ამბობს, ეს იმაზე მეტად საინტერესო და დიდია, ვიდრე "სათაფლიის მღვიმე''... მთამსვლელ-მოგზაურთა კლუბი რაჭაში მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა და იქ ასეთი აღმოჩენა გააკეთა. გასაგები მიზეზის გამო, ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ, თუმცა აღმოჩენის წუთებიდან აცხადებდნენ, რომ მღვიმე მასშტაბურია და მის შესაძლებლობებზე მისი შესწავლის შემთხვევაში, მეტის თქმა შეეძლებათ. ერთ-ერთ მღვიმეში, რაც მცირე ზომის ეგონათ, გასასვლელს მიაგნეს, რომელიც მეორე, უფრო მასშტაბურ სივრცეს უკავშირდება... მას რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. ასევე არის ჭები, თუმცა მათი დათვალიერება ვერ მოხერხდა. იქვე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები.

არჩილ გეგენავა "თეთნულდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, წევრი, მთამსვლელი და მოგზაურ-მთამსვლელთა კლუბის ფოტოგრაფი:

- 2014 წლის 1-ელ ნოემბერს, შაბათ-კვირას კლუბის ერთ-ერთი რიგითი გასვლა გვქონდა. გვინდოდა, ადგილობრივი მღვიმეები დაგვეზვერა, დაგვეთვალიერებინა, ინფორმაცია გამოგვეტანა და ტურისტული მარშრუტები გაგვეკეთებინა. ერთ-ერთის შესახებ ყველამ იცოდა, მწყემსის მიერ იყო აღმოჩენილი და მას "მურადის მღვიმეს" ეძახიან...

- ზუსტ ადგილს გასაგებია, რომ არ ასახელებთ, მაგრამ დაახლოებით რომ გვითხრათ, სად არის?

- ის ტყე რაჭისა და ტყიბულის საზღვარზეა, ადგილი ადმინისტრაციულად რაჭას ეკუთვნის... მწყემსისგან ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ საიდანღაც ქარი უბერავდა...

- მიწის ქვემოთ დაახლოებით რამდენი მეტრია? - 200 მეტრამდე, საკმაოდ დიდი მღვიმეა.

- შეუსწავლელ ადგილას ასე ჩასვლა სახიფათო არ იყო? - მთამსვლელელბი ვართ, სპილიოლოგის აღჭურვილობა არ გვქონია, თუმცა რაღაც ეტაპამდე ასეთ სიტუაციებში ვინტერესდებით ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მღვიმეების შესახებ, იქამდე, სანამ ამ აღმოჩენას გავაკეთებდით, ნაკლები ცოდნა გვქონდა. ჩვენ შორის იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერისტეტის პროფესორი - ირაკლი ჯულაყიძე, რომელიც ასევე ჩვენი კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია...

როდესაც აღნიშნულ სივრცეში შევედით, განვლაგდით იმ ადგილებში, რაც ცნობილი იყო, ფანრებით ფოტოების გადაღება დავიწყე და იმ დროს უცებ ჭერზე რაღაც შავი ლაქა გამოჩნდა, სადაც უკვე ჩვენი მეკლდეურები აძვრნენ, - ვნახავთ, რა ხდებაო. არანაირი თოკი არ გვქონდა და არც ჩასაბმელი აღჭურვილობა.

- უსაფრთხოების ზომების გარეშე როგორ გარისკეთ? - კი, დავარღვიეთ ეს წესები, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გავრისკეთ. მთამსვლელმა (გიორგი ენუქიძე), რომელიც პირველი აძვრა, იქიდან დაბალ ხმაზე (ყვირილი არ შეიძლება) დაგვიძახა, - აქ, მეორე მხარეს, გადასასვლელია და წავედიო. ნახევარი საათის შემდეგ კლუბის მეორე წევრიც გაჰყვა, რადგანაც იმისგან არანაირი ინფორმაცია აღარ გვქონდა, მაგრამ ესეც დაიკარგა. ვნერვიულობდით, იქ ხომ არაფერი იჭერს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, დანარჩენებიც ავმძვრალიყავით და დავინახეთ, რომ იქიდან გაოცებული და გაფითრებული ბიჭები ბრუნდებოდნენ... მოკლედ, ისეთი სანახაობა დაგვხვდა, რომ მსგავსი რამ ფოტოზეც არასდროს მინახავს. მაშინვე სურათები გადავიღე. გაგვაოცა ნანახმა.

- რამდენ ხანს იყავით მღვიმეში? - 7 საათი, რომ გამოვედი და მწყემს მურადის ფოტოები ვანახე, ვკითხე, - ეს თუ იცოდი, რომ იყო-მეთქი? პირველად ვხედავო (მურადი იმდენ ხანს გარეთ გველოდებოდა). შოკში ჩავარდა. ფოტოები მაშინვე "ფეისბუქზე" ავტირთე, მოვნიშნე ნაცნობი სპილეოლოგი მეგობრები, მერე გეოგრაფიის ინსტიტუტს მივმართეთ და არც მათ არ ჰქონდათ ამ მღვიმეზე ინფორმაცია, თუმცა 2001 წელს ნუსხაში აღწერილია რაჭის მღვიმეები, რომლებიც რეესტრშიც არის შეტანილი, თუმცა ეს არსად მოიხსენიება.

- მოკლედ, თქვენი აღმოჩენაა... - იმ განსხვავებით, რომ გარშემო "მურადის მღვიმის" შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა იქ არსებულ გადასასვლელსა და იქაურ საოცარ სივრცეზე არაფერი. მღვიმის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის აღმოჩენა უკვე ჩვენ გვეკუთვნის. ის დაახლოებით ერთი კილომეტრზეა გაჭიმული, სადაც კიდევ სამი ჭაა, ჩასასვლელი, რაც სერიოზულად გამოსაკვლევია.

ფოტოების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ, ლევან ბუთხუზი "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" რედაქტორი შეგვეხმიანა, ამ ადგილით დაინტერესდა. 2015 წელს მათ ოფისში პრეზენტაციაც გავმართეთ, ამერიკელ მეცნიერებს დაგვაკავშირა, მღვიმეზე ფილმიც გვაქვს გადაღებული.

- თქვენი ვარაუდით, იქ არსებული "ბურთები" რა წარმონაქმნები უნდა იყოს? - ერთი ვარაუდით, თითქოს თავის დროზე, რაღაც მჟავამ წარმოშვა, მეორე ვერსიით, ელექტროლიზის დამუხტული ნაწილაკები იყო, რადგანაც ადრე იქ წყალი ყოფილა. მერე წყალმა დაიკლო და "ბურთები" დარჩა. თუმცა "მჟავის ვერსია" გამოირიცხა, რადგანაც ანალიზი ჩავუტარეთ, წყალი წამოვიღეთ საკვლევად და მჟავის არანაირი ნასახი არ აღმოჩნდა. ამიტომ ის ყველაფერი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

- ვინ დაიხმარეთ? - "პრპომეთეს მღვიმის" სპილიოლოგები ჩვენი მეგობრები არიან და მათი კეთილი ნებით და მხარდაჭერით რაღაცეებს ვიკვლევდით, ჩართულები იყვნენ, მათგან, ვინც ეს მღვიმე ნახა, ყველა ადასტურებს, რომ ეს არის უნიკალური ფორმების და იშვიათი.

- სახელმწიფო ამ თემით არ ინტერესდება? - გვინდა, რომ გადაიბაროს ეს მღვიმე, მნიშვნელობა მიანიჭოს და იქაურობა დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს. მართლა საგანძურია. ადგილი, რომლის მსგავსი ალბათ მსოფლიოში არსად არის. ასე რომ, ტურისტული მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. მით უფრო, რომ იქ კიდევ რამდენიმე საინტერესო მღვიმეა...

უბრალოდ, ერთი ფაქტი მახსოვს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში წინასაარჩევნოდ იმყოფებოდა, ერთხელ ახსენა, რომ რაჭაში ახალი მღვიმე აღმოვაჩინეთ... გვეგონა, მიხედავდნენ, მაგრამ არავის გახსენებია. მთავარია, რომ დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს, შემოისაზღვროს, ჭიშკარი გაუკეთდეს, თორემ დიდი საფრთხე არსებობს, რომ იქაურობა დააზიანონ, ისევე როგორც 90-იან წლებში, ერთ-ერთი მღვიმის სტალაქტიდები მოჭრეს და რესტორნის ინტერიერისთვის წაიღეს... ფაქტია, რომ ამ მღვიმეს სერიოზული ყურადღების მიქცევა უნდა...

ლალი ფაცია AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ