30 ივნისს, "თბილისი არტ-ჰოლში" ახალგაზრდა მომღერლის გიგი ადამაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართა. თინეიჯერების საყვარელმა შემსრულებელმა საათნახევრის განმავლობაში უამრავი ცნობილი ჰიტი შეასრულა.
19 წლის გიგი ადამაშვილი საზოგადოებამ "X ფაქტორის" მესამე სეზონიდან გაიცნო, მისმა ხმამ და შესრულების მანერამ მაყურებლის ყურადღება შესარჩევი ტურებიდანვე მიიპყრო. მომღერალს აქტიური სოლო-კარიერა აქვს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს, ასევე აქვს მუსიკალური საღამოები სხვადასხვა კლუბში.

"არტ-ჰოლში" შეკრებილი მსმენელის განსაკუთრებული ოვაციები ქართულმა სიმღერებმა დაიმსახურა. ალბათ მთელი დარბაზი მღეროდა გიგისთან ერთად მამუკა ჩარკვიანის ყველასთვის საყვარელ სიმღერას "ირინოლა", ასევე ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის "სერენადას".
საღამოს დასასრულს გიგი ადამაშვილმა AMBEBI.GE-სთან კომენტარი გააკეთა:
- სოლო-კონცერტი საქართველოს 22 ქალაქში მქონდა. შემდეგ თბილისის "არტ ჰოლიდან" მივიღეთ შემოთავაზება, კონცერტი თბილისშიც გამემართა. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია და შემოთავაზებამაც ძალიან გამახარა. კონცერტზე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები შევასრულე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართული სიმღერებიც.

გული სხვანაირად მიცემს, როცა ქართულ სიმღერას ვასრულებ. კონცერტზე სპეციალური სტუმარი იყო სოფო ნიჟარაძე, რომელთან ერთადაც დუეტი შევასრულე. მთელი კონცერტის მანძილზე, ცოცხალი შესრულებისას აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე მიკეთებდა. ვფიქრობ, კონცერტი სასიამოვნო და კარგი გამოვიდა.
ეკა გადახაბაძე