რუსეთში დაბეჭდილი ე.წ. Монетный Двор გალის მოსახლეობისთვის

რუსეთში დაბეჭდილი  ე.წ. Монетный Двор გალის მოსახლეობისთვის

"ჯერ სხვა საბუთი, ე.წ. "ფორმა 9" უნდა გვქონოდა, ახლა ბინადრობის მოწმობები მოიგონეს. თითქოს დროებით ვიყოთ აქ. ჩვენ აქაურები ვართ და წასვლას არსად ვაპირებთ. ჩვენ რომ წავიდეთ, გალი ვერ გადარჩება. ჩიხში ვართ, მაგრამ შეჩვეული ვართ... ეს ბინადრობის მოწმობები ცუდად დაიწყეს. ამ საბუთით მანქანის შეძენასაც ვერ შევძლებთ. საით მივდივართ აღარ ვიცით..." - ამბობს გალის რაიონში მცხოვრები. 

ახალი არ არის, რომ გალის ქართველობას უკვე აკრძალული აქვს: მშობლიურ ენაზე განათლების და ინფორმაციის მიღება; ბოლო წლებში, გალის სკოლებში ერთ-მეორის მიყოლებით აკრძალეს ქართული ენის სწავლება. ადგილობრივებს კი წლებია, საკუთრების უფლება შეზღუდული აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ, თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე და განსაკუთრებით, უსაფრთხოების ნორმებზე, რომელიც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ ქალაქებშიც კი არ არის დაცული...

რამდენიმე ხნის წინ რუსეთში ადგილობრივი ქართველებისთვის ე.წ "დროებითი ბინადრობის მოწმობები" დაიბეჭდა და გაცემაც დაიწყო. შეკვეთა რუსულმა საწარმო Монетный Двор РФ-მ სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში განახორციელა.

ეს იმას ნიშნავს, რომ გალში დროებითი ცხოვრების უფლებას რუსები მხოლოდ იმ ქართველებს მისცემენ, რომლებიც ამ დოკუმენტის საშუალებით დაადასტურებენ, რომ ნამდვილად დაიბადნენ გალის რაიონში, არიან "უცხოელი მოქალაქეები" და 1999 წლის ბოლოდან ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე "მუდმივად ცხოვრობდნენ".

აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური ხელმძღვანელობა გალის რაიონულ ადმინისტრაციას შეხვდა და განუმარტა, აპლიკანტმა საკუთარი სურვილით უნდა აღიაროს საქართველოს მოქალაქეობა და ამის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც, ისინი თავად გადაწყვეტენ, რა სტატუსს მიანიჭებენ გალის მკვიდრს, - "დროებითი ბინადრობის მოწმობას", "აფხაზეთის მოქალაქეობას" თუ "მოქალაქეობის არმქონე პირის" სტატუსს, სამივე მათგანი მათთვის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული...

აფხაზური ხელმძღვანელობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "საქართველოს მოლაქეობის მქონე პირები ამის შესახებ განაცხადს თავად გააკეთებენ, დამატებითი შემოწმებები აღარ დასჭირდება და საბუთების შეცვლის პროცესიც უპრობლემოდ მოხდება..."

საქმე ის არის, რომ დროებითი ბინადრობის მოწმობები მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცემა და მის მფლობელს არანაირი "მოქალაქეობრივი", მათ შორის, "არჩევნებში" მონაწილეობის უფლება არ ექნება. ასევე, შეზღუდვები ექნებათ საკუთრების შეძენაში; კერძოდ, კერძო ქონების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება ექნებათ, თუმცა, თავად უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ან სახლის შეძენის უფლება არ ექნებათ... რაც მთავარია, მისი ამოწურვის შემდეგ, გალის მკვიდრთა იქ საცხოვრებლად დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება...

რა არის რუსული პოლიტიკის საბოლოო მიზანი გალში, რომელსაც ხაჯიმბა "ხელისუფლების" ხელით ახორციელებს? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, - აფხაზები ხშირად ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ბოლო დროს გალის რაიონის ათვისებაზე არიან ორიენტირებული.

ადგილობრივების თქმით, "დროებითი ბინადრობის მოწმობის" მფლობელს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთი კვირის ვადით შეეძლება. უფრო ხანგრძლივი ვადის შემთხვევაში, - აუცილებელი იქნება სამედიცინო ცნობა, ვიზიტის აუცილებლობის წერილობითი დასაბუთება და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიციალური თანხმობა.

იმ შემთხვევაში, თუ "მოწმობის" მფლობელი 6 თვის განმავლობაში, დე ფაქტო აფხაზეთში არ დაბრუნდება, მას იქ მცხოვრების "სტატუსს" სამუდამოდ შეუჩერებენ, რაც ნიშნავს, რომ ის საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდება...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტან ყოლბაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპანტების საბოლოო მიზანი სწორედ ქართული მოსახლეობის გამოძევება და მათი ქონების კონფისკაციაა.

"გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ადგილობრივი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს საკუთარი ნებით არ იტყვის, ის ყველანაირ სტატუსს დაკარგავს და აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოაძევებენ და სტატუსთან ერთად ყველაფერს კარგავს", - ამბობს ყოლბაია.

მისივე თქმით, "აფხაზური პასპორტის" აღება-გამოცვლა ეთნიკურ აფხაზს 450 რუსული რუბლი, ეროვნული ვალუტით, 20 ლარამდე უჯდება. ქართველმა კი, "დროებითი ბინადრობის მოწმობის" ასაღებად 940 რუბლი ანუ 40 ლარამდე უნდა გადაიხადოს. არსებობს "დაჩქარებული წესით" ბინადრობის მოწმობის აღების შესაძლებლობა, რაც 50 000 რუბლი, ანუ 2000 ლარი ჯდება. ე.წ "ფორმა ცხრა" კი 700 ლარზე მეტი...

ადგილობრივების თქმით, თუ "დროებით ბინადრობის მოწმობის" ასაღებად დოკუმენტები დროულად არ წარადგინე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური "ფორმა 9-ს" არ გასცემს და ადგილობრივი რაიონში გადაადგილებას ვერ შეძლებს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთის ხელმძღვანელობის მონაცემებით, ენგურსგაღმა დაახლოებით, 40 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. კითხვაზე, თუ სად არის გამოსავალი, -  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი იმედს საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობაზე და ფრთხილ პოლიტიკაზე ამყარებენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე