სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაღები უქმდება

სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაღები უქმდება

1-ლი სექტემბრიდან ახალგორის რაიონში ქართულენოვანი სკოლები და ბაგა-ბაღები გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ახალგორის რაიონში ორი ქართულენოვანი ბაგა-ბაღი იყო დარჩენილი, სადაც გასული სასწავლო წლის ბოლომდე 30-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა. რაც შეეხება სკოლას, აგვისტოს ომის შემდეგ 3 სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 80-მდე მოსწავლე ირიცხებოდა.

სკოლებისა და ბაგა-ბაღების ქართულენოვანი ჯგუფების გაუქმებასთან ერთად, ოსური მხარე ზოგადი განათლების საკითხში ცვლილებებზე საუბრობს. კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირველ კლასში მიღება მხოლოდ რუსულენოვან სკოლებში მოხდება. რუსულ ენაზე სრულად გადასვლის პროცესი კი ეტაპობრივად განხორციელდება.

1-ლი სექტემბრიდან ოსური მხარე აპირებს ახალგორის რაიონის ქართული სკოლები რუსული განათლების პროგრამაზე გადაიყვანოს, რაც ნიშნავს, რომ იქ სწავლა-განათლება რუსულ ენაზე განხორციელდება. შესაბამისად, ეს ცვლილებები იმ პედაგოგებზეც იქონიებს გავლენას, ვინც ვერ შეძლებს რუსულ ენაზე სწავლებას. გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ დე ფაქტო ხელმძღვანელობა მათ ეთნიკური ნიშნით ავიწროებს. ოსური მხარის ინიციატივის მიხედვით, სწავლა- განათლება რუსეთის პროგრამით წარიმართება, ქართულს კი ერთ-ერთ საგნად ისწავლიან. ზოგადად, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ქართული სკოლების ადგილას რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდეს.

მათივე თქმით, ამას ეტაპობრივი სახე არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი კლასის მოსწავლეებს სკოლის ძველი პროგრამით დასრულების საშუალება არ ექნებათ. ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ რუსული სკოლის ატესტატი მოსწავლეებს ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ამასთან, გაგლოევას თქმით, "პრეზიდენტი" მიიჩნევს, რომ ყველა სკოლა ერთი პროგრამით უნდა ხელმძღვანელობდეს. მისივე განმარტებით, ვინც ახალ პროგრამას ვერ დაძლევს, სკოლის დატოვება მოუწევს.

ე.წ. განათლების უწყების წარმომადგენლების თქმით, ორი წლის წინ, სპეციალურად ქართული სკოლებისთვის "ახალი ისტორიის" შესასწავლად საგანგებოდ რუსული კადრები მიავლინეს, რადგან არსებობს პრინციპული ცვლილებები ახალ ისტორიაში, კონკრეტულად, "2008 წლის პროცესების შემდეგ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ".

ახალგორელების თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსულის სწავლების დონე ქართულ სკოლებში მკვეთრად დაეცა, თუმცა, ის, რასაც ახლა ცხინვალის ხელმძღვანელობა აპირებს, გამოსავალი არ არის. საერთოდ, სკოლებში, როგორც ახალგორში, ასევე ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სწავლების ძალიან დაბალი დონეა, რის გამოც მოსწავლეები რეპეტიტორებთან ემზადებიან; ერთი საგნის კერძოდ სწავლების საფასური საშუალოდ, 100 ლარია.

საქმე ის არის, რომ ცხინვალის "ხელმძღვანელობას" სხვა რამე აღელვებს, - სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტები სწავლას თბილისში განაგრძობდნენ, საიდანაც საერთაშორისო სასწავლებლებში მოხვედრის შანსიც ჰქონდათ... ახალგორელების თქმით, ამ ინიციატივით ცხინვალის "ხელმძღვანელობა" მათ საცხოვრებლების დატოვებას აიძულებს.

"ეხო კავკაზასთან" საუბარში რუსი პოლიტილოგი ნიკოლაი სილაევი ამბობს, რომ ეს ბიბილოვის უდიდესი შეცდომაა. მისი თქმით, იქაური ქართველებისთვის ფორსირებულ რეჟიმში რუსული ენის სწავლება ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

"მნიშვნელოვანია, ორმა უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობის მიმართ სწორი მიდგომები შეარჩიონ. მთავარია, ახლა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ის პოლიტიკა არ გაიმეორონ, რაც თავის დროზე მათი საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის მიზეზი გახდა...", - ამბობს სილაევი.

ოსი ბლოგერების თქმით, როგორც ჩანს, რუსი პოლიტოლოგი არ არის ინფორმირებული ან არაფრად მიიჩნევს იმას, თუ როგორი მასობრივი რუსიფიკაცია მიმდინარეობს როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის რეგიონში, თუმცა, მათგან განსხვავებით, აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკას ჯერ კიდევ მწვავედ უპირისპირდებიან.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე