ნინო ჩხეიძე ათი სიმღერის შესრულებაში 5000 ევროს ითხოვს

ნინო ჩხეიძე ათი სიმღერის შესრულებაში 5000 ევროს ითხოვს

ნინო ჩხეიძე კონცერტებში საკმაოდ დიდ ჰონორარებს იღებს, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ფულისთვის არ მუშაობს. მღერის იმიტომ, რომ ამით სიამოვნებას იღებს, კარგ სიტუაციაშია და უამრავ ახალ ადამიანთან აქვს ურთიერთობა. ფულს ნინო არასდროს ასესხებს, ურჩევნია, აჩუქოს, ვიდრე გაასესხოს, რათა ადამიანი არ დაკარგოს. როგორია ქალაქური სიმღერების შემსრულებლის ფილოსოფია ფულთან მიმართებაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ფული არ მიყვარს, ადამიანს აფუჭებს, ხელის ჭუჭყია. ადამიანები ერთმანეთს კარგავენ და საერთოდ, ყველანაირი საშინელება ამქვეყნად ფულის გამო ხდება. მე მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებებისთვის ვიყენებ. მიმაჩნია, რომ მთავარია, გქონდეს მინიმალური რამ, ძირითადი მოხმარების საგნები და საჭმელი. ფული უნდა გქონდეს არც ბევრი და არც ცოტა, საშუალოდ.

- ანუ ადამიანთა იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები, რომლებიც მილიონებზე ოცნებობენ?

- არა, მართლა არასდროს მიოცნებია მილიონერობაზე. არ მიოცნებია იახტასა და საკუთარ თვითმფრინავზე, რადგან ამ ყველაფერს ბედნიერება არ მოაქვს. რასაკვირველია, ისიც ცუდია, როცა ბავშვისთვის საჭმელი არ გაქვს.

- ფულის ხარჯვა ყველაზე მეტად რაში გსიამოვნებს?

- ფული ჩემთვის დიდ რამეს არ ნიშნავს, რომ შეგროვება დავიწყო. ძირითადად საკუთარი თავის მოვლაში მეხარჯება და არ მენანება, რადგან მიყვარს ფორმაში ყოფნა. ასევე არ მენანება ფული მეგობრებისთვის საჩუქრების შესაძენად.

- ვიცი, რომ კვირაში სამ დღეს სალონში ატარებ. რამდენად ძვირად ღირებული სიამოვნებაა შენთვის თავის მოვლა?

- არ არის აუცილებელი, ძვირიან სალონში იარო. შესაძლოა, ჩვეულებრივ სალონში წახვიდე და თმა შვიდ ლარად დაივარცხნო.

- შენ დაგივარცხნია შვიდ ლარად?

- კი და ვერ ვიტყვი, რომ ცუდად დამვარცხნეს. მთავარია, თავად გქონდეს სურვილი, კარგად გამოიყურებოდე და დანარჩენს მოევლება. არ არის აუცილებელი, თმის დავარცხნაში 50 ლარი გადაიხადო. თბილისში ასეთი თანხა თმის დავარცხნაში არც გადამიხდია. სალონში, სადაც მე დავდივარ, 13 ლარს ვიხდი.

- საზღვარგარეთ ფული ასევე ადვილად გეხარჯება?

- შოპინგში მეხარჯება, თუმცა დავხარჯავ იმდენს, რამდენიც მაქვს. არასდროს გადავირევი იმის გამო, რომ რაღაცას ვერ ვყიდულობ.

- უკაპიკოდ თუ ყოფილხარ როდისმე?

- ამას წინათ რამდენიმე მომღერალს ერთმა ჟურნალისტმა ამოგვალაგებინა საფულეები, აბა, რამდენი გიდევთ საფულეშიო. მე აღმომაჩნდა ყველაზე ცოტა, ათი ლარი. არ სჯეროდათ და მთელი ჩანთა ამომაყრევინეს (იცინის). ხშირად ვარ ასე. ყოფილა შემთხვევა, მანქანაში რომ ხურდები მქონდა ჩაყრილი, იმით მიყიდია მინერალური წყალი. ყველა ადამიანს ჰქონია ასეთი მომენტი ცხოვრებაში.

- ისეთი ეტაპი თუ გქონია ცხოვრებაში, გაჭირვებაში რომ ყოფილხარ?

- ვერავინ იტყვის, ვისაც საქართველოში ომის პერიოდში უცხოვრია, რომ არ ყოფილა გაჭირვებაში. ჩვენს თაობას ეს ახსოვს, პურზე სიროფს ვასხამდით, მერე ვაცხობდით და ვითომ ნამცხვარი იყო. ამას ვაყოლებდით ყავას გოგონები. კვერცხის ფხვნილისგან მომზადებული ერბოკვერცხიც მიჭამია და კარტოფილის ფხვნილისგან მომზადებული პიურეც.

- ეს პერიოდი ცუდად გახსენდება ალბათ...

- ვერ ვიტყვი. უბანში ბევრი გოგო ვიყავით, ერთად გადავიტანეთ ეს პერიოდი და ძალიან მხიარულად ვცხოვრობდით. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ასე ვარ, რომ ყველა რთული სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ბავშვობაში მნდომებია ჩასაცმელი, ცოტა რომ წამოვიზარდე, ძალიან მინდოდა მანქანა, მაგრამ არ მყავდა. სამაგიეროდ, ჰყავდა ჩემს მეგობარს და ამითაც ბედნიერი ვიყავი. უფულობისგან პრობლემა და ტრაგედია არასდროს შემიქმნია და არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. ბევრი ფული თუ ძალიან დიდ ბედნიერებაში ჩაგაგდებს და უფულობა უბედურებაში, მერე და მერე ცხოვრება ამას დააბალანსებს.

- ახლა რამდენი გიდევს საფულეში?

- ინგლისურის ფული გადავიხადე 125 ლარი და 30 ლარი მიდევს (იღიმება).

- ფული თუ გიპოვია ან დაგიკარგავს?

- მნიშვნელოვანი თანხა არასდროს დამიკარგავს, არც მომიგია და მიპოვია. ერთხელ მოვიგე "ვა-ბანკში" 700 ლარი.

- ადვილად მოდის შენთან ფული?

- ზოგი მღერის იმისთვის, რომ ბევრი ფული გააკეთოს, კონცერტი უხარია იმიტომ, რომ ფულს მისცემენ. ჩემთვის კონცერტი უფრო მეტად კარგი სიტუაცია და ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებაა, ვიდრე ფულის გამომუშავების. რადგან ასეთი მიდგომა მაქვს, ფულიც ადვილად მოდის, ყურადღებას რომ არ მიაქცევ, ფული ადვილად მოვა. ყოველთვის ვიცინი იმაზე, რომ დოლარის კურსი არასდროს ვიცი და ვერ ვითვლი. შეიძლება მოვუტყუებივართ კიდეც. მერე და მერე ვისწავლე ჭკუა და სხვას ვახურდავებინებ.

- ბანკებთან როგორ ურთიერთობ?

- მაქვს ბევრი ელექტრონული ბარათი, თუმცა არც ერთ ბარათზე თანხა არ მაქვს. მაქვს ოქროს ბარათი, რომლიდანაც შეგიძლია ფული ვალად ავიღო, მაგრამ დავაბლოკინე ეს მომსახურება, რომ ხელი არ წამიცდეს. ვალი არ მიყვარს.

- გაგისესხებია ფული?

- მეგობრისთვის ფულის ჩუქება მირჩევნია, ვიდრე იმის თქმა, ას ლარს გასესხებ-მეთქი.

- ფულის გასესხების მაგივრად ფულს ჩუქნი...

- ასე მირჩევნია, ვიდრე ამ ადამიანის დაკარგვა.

- ნინო, შენს ჰონორარებზე ლეგენდები დადის, გვითხარი, თუ კომერციული საიდუმლო არ არის...

- არანაირი საიდუმლო - როცა სადმე გამოვდივარ, ათ სიმღერაში 5000 ევროს ვითხოვ.

- ეს სოლოკონცერტი გამოდის.

- არა, სოლოკონცერტი 22 სიმღერის შესრულებას გულისხმობს.

- ევროს რატომ ითხოვ?

- ვიცი, რომ უფრო მყარი კურსი აქვს (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება