დღეს რუსეთმა ამერიკის მოთხოვნა უნდა შეასრულოს, - სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს სან-ფრანცისკოში და კიდევ ორ ქალაქში, 2 სექტემბრამდე საკონსულოების დახურვა მოსთხოვა.
ამასთან, ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ამერიკის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებს 1-ლ სექტემბრამდე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეუწყვეტა. ვიზების გაცემა "მნიშვნელოვნად შემცირებული მასშტაბით" განახლდება. სავიზო ოპერაციები მოსკოვის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქების საკონსულოებში, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში განუსაზღვრელი ვადით შეწყდა.
ეს არის ამერიკის პასუხი რუსეთის მიერ მოსკოვში ამერიკის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირებაზე - ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვში დიპლომატიური მისიის შეკვეცა სთხოვა. მისი განცხადებით, ამერიკამ საელჩოს დიპლომატი თანამშრომლები და ტექნიკური პერსონალი დაახლოებით, 755 ადამიანით უნდა შეამციროს.
კრემლმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად მიიღო. პუტინმა რუსეთის სატელევიზიო ქსელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეეძლო უფრო მკაცრი სადამსჯელო ზომების მიღება ამერიკის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, თუ როგორ უნდა უპასუხოს ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას. ამერიკის კონგრესმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი შეიმუშავა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღშფოთება მოჰყვა;
მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ამერიკას "უკიდურესად აგრესიული" საერთაშორისო პოლიტიკა აქვს... საგარეო საქმეთა უწყების მოთხოვნით, ამერიკამ მოსკოვში მომუშავე დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი, 455-მდე უნდა შეამციროს. ისევე, როგორც ამერიკაში მომუშავე რუსი დიპლომატები და სხვა თანამშრომლების რაოდენობა; საგარეო უწყების თქმით, ამ სანქციების საპირისპიროდ მათაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ.
სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს შენობასთან, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სწორედ დღეს უნდა დაიხუროს, კვამლი შენიშნეს. მეხანძრეები ადგილზე გამოცხადდნენ, მაგრამ საკონსულოს თანამშრომლებმა მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. შენობაში მყოფმა პირებმა მეხანძრეებს განუცხადეს, რომ ადგილზე "პრობლემა არ არის", რადგან თანამშრომლები ბუხართან ზოგიერთ ნივთს წვავენ.
სან ფრანცისკოს სახანძრო განყოფილების სპიკერმა განმარტა, რომ კვამლის გაჩენის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეების ჯგუფი გაგზავნეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კვამლი ბუხრის მილიდან ამოდიოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები დღეს საკონსულოს შენობაში ჩხრეკის ჩატარებას გეგმავენ.
ზახაროვას თქმით, "ახლა სან-ფრანცისკოში რამდენიმე ხნის წინ დაწყებული ოფიციალური ცირკი გრძელდება. მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ფუნქციაშეწყვეტილად გამოცხადდებიან, იქ FBI შევა და მუშაობას განაგრძობს...
მინდა იმ ამერიკელ ჟურნალისტებს ვუპასუხო, რომელთაც აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვა, - საიდან და რატომ გაჩნდა ცეცხლი? - რუსეთის გენერალური საკონსულოში კვამლი გაჩნდა მისი კონსერვაციის შედეგად, რომლის ფარგლებშიც, შეიძლება დახურონ ფანჯრები, ჩამოუშვან ფარდები, გაიტანონ ნაგავი... ამ შენობასთან ერთად, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კონსერვაციაც ხდება, უკეთესი დროისთვის", - ირონიულად შენიშნავს რუსი დიპლომატი.
ლალი პაპასკირი