ფრანც კაფკას ,,ციხესიმაგრე» პარადიგმატული ნაწარმოებია, ისევე როგორც მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნები». საინტერესოა ამ ორი რომანის (XX საუკუნის ლიტერატურის ორი მნიშვნელოვანი ტექსტის) მოტივებზე გადაღებული ფილმების - როგორიცაა, რეჟისორ დავით ჯანელიძეს «ციხესიმაგრე» და «ჯაყოს ხიზნები» - კონტექსტუალური ანალიზი.
მწერალი/რომანი/ლიტერატურა დომინირებს ფილმზე/რეჟისურაზე/კინოენაზე. მიზეზი? რეჟისორი მოექცა ლიტერატურული ნაწარმოების ჩრდილში, თუ ლიტერატურული ტექსტის მასშტაბი/ქვეტექსტი რეჟისორის არჩეულმა დომინანტურმა სიუჟეტურმა ხაზმა ვერ ჩაანაცვლა?! ფილმი «ჯაყოს ხიზნები» თეიმურაზი/მარგო/ჯაყო - სასიყვარულო სამკუთხედზეა აგებული. ისტორიული/ფილოსოფიური კონტექსტი შედარებით ფერმკრთალია.
«ციხესიმაგრე» არა სისტემის, იგივე სამყაროს აბსურდული საზრისის ვიზუალიზაციას ახდენს, არამედ უფრო ინტიმურ/პიროვნულ დრამამდე დაიყვანება. «უცხო», «სხვა» ფილმში მეტწილად ვერბალური მესიჯია და არა საერთო ატმოსფერო კონსტრუირებული მხატვრული ხერხებით. ალბათ ატმოსფერო ის საკვანძო სიტყვაა, რომელიც ორივე ფილმს აკლია.
„ციხესიმაგრე», სივრცის ორგანიზების თვალსაზრისით, «ჯაყოს ხიზნებზე» მეტად საინტერესოა. დავაკონკრეტებ ჩემ აზრს - ფილმის მხატვრობა უფრო საინტერესოა (მხატვარი ჯემალ მირზაშვილი). კამერა, სამწუხაროდ, ამ სივრცის ტაქტილურ შეგრძნებებს ვერ გადმოსცემს (ოპერატორი ლერი მაჩაიძე). მაყურებელს არც სისველის, არც სიცივის, არც სიბნელის, არც უგზოობის ან უდროობის განცდა არ ეუფლება. ვფიქრობ, ეს იყო რეჟისორისა და ჯგუფის მთავარი ამოცანა. განათება იმდენად ხისტია, არამხატვრული, რომ არ გაძლევს კაფკასეული აბსურდის შეგრძნების საშუალებას, ამ, დროისა და სივრცის მიღმა დარჩენილ, ქართულ რეალობაში.
გმირები (მსახიობები: ხათუნა იოსელიანი, კარლ ჰაინც ბეკერი, ლუდმილა ალიმბარაშვილი) და მათი შიშველი სხეულები უფრო მეტყველია, ვიდრე ნაირ-ნაირი ფილებით მოპირკეთებული კედლები, XIX-XX საუკუნეების გასაყარის ბუხარი, ავეჯი, ძველმოდური სასწორი, თუ ჩემი თაობისთვის კარგად ნაცნობი სკოლის სპორტული დარბაზი და ინვენტარი. ქართველი მსახიობი თურმე პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გააშიშვლო, რომ რუსული ფსიქოლოგიური თეატრისთვის დამახასიათებელი მანერულობა ჩამორეცხო.
მათი სხეულის ნაწილები უფრო მეტყველია, ვიდრე, თუნდაც სახე, თვალები. მათი კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება - ეს არაა ნავარჯიშები, გლამურული, გაპრიალებული და ამიტომ, ხშირად უმეტყველო სხეულები. ესაა ცოცხალი და ბუნებრივი და არა ფიტნეს კლუბში ან პლასტიკური ქირურგის მაგიდაზე გამოძერწილი ადამიანის სხეულები. აქ აღსანიშნავია რეჟისორის და რა თქმა უნდა, მსახიობების სითამამე. დიახ, შემოქმედებითი სითამამე და არა ეპატაჟი.