"სიკვდილის კონსტრუქტორის" ძეგლი მოსკოვში

"სიკვდილის კონსტრუქტორის" ძეგლი მოსკოვში

მოსკოვში, მსოფლიოში ცნობილი ავტომატური იარაღის შემქმნელს, მიხაილ კალაშნიკოვს, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, ძეგლი დაუდგეს... სავარაუდოდ, მსოფლიოში კალაშნიკოვის ავტომატის АК-47-ის 200 მილიონამდე ეგზემპლარი არსებობს.

რუსი კონსტრუქტორის ძეგლი, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, პუშკინისა და მაიაკოვსკის მონუმენტებთან ახლოს დაიდგა და მისმა ქალიშვილმა, ელენა კალაშნიკოვამ გახსნა... ცერემონიაზე სამართალდამცველებმა აქტივისტი ანდრეი კისელიოვი დააკავეს, რომელმაც ძეგლთან პლაკატი გაშალა, - "იარაღის კონსტრუქტორი - სიკვდილის კონსტრუქტორი". ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგ კისელიოვი ისევ მივიდა კალაშნიკოვის ძეგლთან და მეორედაც დააკავეს...

მიხეილ კალაშნიკოვის შექმნილი იარაღი, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმოებულ ომებსა და კონფლიქტებში გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული იარაღის რეალიზაციით, რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მიიღო, - მას ასზე მეტი ქვეყნის ძალოვანი უწყებები იყენებენ, რომ არაფერი ვთქვათ, მის არალეგალურ რეალიზაციაზე, რომელიც განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია მიღებული...

საბჭოთა კავშირის დროს, მიხაილ კალაშნიკოვმა პირველი პროექტისთვის, სატანკო იარაღიდან სროლების რაოდენობის რეგისტრატორის გამოგონებისთვის, საჩუქრად გიორგი ჟუკოვისგან მის სახელზე დამზადებული საათი მიიღო... ის მაშინ ახალგაზრდა იყო, თუმცა, სერიოზული საქმეებით გატაცებული...

1941 წლის ოქტომბერში, მიხეილ კალაშნიკოვი მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში რამდენიმე თვე გაატარა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იარაღის შექმნის იდეა, რომლის ხორცშესხმასაც 5 წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, კონსტრუქტორმა ავტომატური შაშხანის საცდელი ნიმუში ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღ კალაშნიკოვად გადააქცია. 1949 წელს "კალაშნიკოვი" საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიიღეს.

თუმცა, АК-47-ს არაერთხელ გაუკეთდა მოდერნიზება, შეიქმნა მისი მრავალი მოდიფიკაცია, რომლებიც ასევე მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში წარმატებით გამოიყენება...

მიხაილ კალაშნიკოვმა სიცოცხლეში რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა სინანული, რომ სახელი იარაღის შექმნით გაითქვა, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი სხვა სფეროშიც ჰქონდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, АК-47-ის შემქმნელმა სიკვდილამდე წელიწადნახევრით ადრე, პატრიარქ კირილს მიწერა წერილი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის გამო სინანულს გამოთქვამდა. მაშინ ბლოგერებმა დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტებიც დაწერეს – "მთავარი მკვლელის აღსარება..."

"ბოლო ხანებია მუდმივად მტანჯავს ერთი და იგივე კითხვა, რომლის პასუხიც ვერ მიპოვია - რადგან ჩემი ავტომატით ადამიანები იხოცებოდნენ, გამოდის, რომ დამნაშავე ვარ ადამიანების, თუნდაც მტრების, სიკვდილში?"- ეკითხება კალაშნიკოვი რუსეთის პატრიარქს.

კალაშნიკოვი მართლმადიდებლად მოინათლა. ასევე იგონებდა იმ ფაქტს, რომ იჟევსკში მისი სახელობის მუზეუმის აშენების წინააღმდეგ გამოვიდა და გასული საუკუნის 30-იან წლებში, საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ აფეთქებული წმინდა მიხეილის ტაძრის აღდგენის იდეა წამოაყენა.

BBC-სთან ინტერვიუში, რუსეთის წმინდა სინოდის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თავმჯდომარე ვსევოლოდ ჩაპლინმა აღნიშნა, რომ ამ წერილს აღსარებად არ განიხილავდნენ. მისი თქმით, ეკლესიამ იარაღთან დამოკიდებულება უკვე არაერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ "მართლმადიდებლობა ნებისმიერი ერის მიმართ აგრესიის წინააღმდეგია, მაგრამ, როდესაც შენს ერს თავს ესხმიან, იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარწმუნოებას საფრთხე ემუქრება", - აღნიშნა მან.

მოსკოვში მიხაილ კალაშნიკოვის ძეგლის დადგმას, რუსული საზოგადოებაში მცირე პროტესტი მოჰყვა, თუმცა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე