რუსული საცეცები კატალონიის რეფერენდუმის გარშემო?

რუსული საცეცები კატალონიის რეფერენდუმის გარშემო?

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მატულობს. რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა ლიდერების გაფრთხილების მიუხედავად, პოლიციასთან შეტაკება გარდაუვალი გახდა.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 42,3%-მა მიიღო, რაც, კატალონიის ხელისუფლების ცნობით, 5.3 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან, 2.2 მილიონი ადამიანია. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, 750 000-მა ამომრჩეველმა ვერ შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, რადგან 2300 საარჩევნო უბნიდან 319, ესპანეთის ხელისუფლების ჩარევით, დაიხურა.

რეფერენდუმი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. მთელი პროვინციის მასშტაბით დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 12 პოლიციელი.

მთლიანობაში, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას კატალონიელთა 90%-მა დაუჭირა მხარი. კატალონიის ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ მათ "სახელმწიფოს დამოუკიდებლობის უფლება" მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ამას ბარსელონა. თავის მხრივ, ესპანეთის კონსტიტუციური სასამართლო რეფერენდუმს არაკანონიერს უწოდებს. პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ კი რეფერენდუმს "დემოკრატიის დაცინვა" უწოდა.

კატალონიელები შეჩერებას არ აპირებენ. კარლეს პუჩდემონის განცხადებით, დღევანდელი რეფერენდუმის პასუხები მალე კატალონიის პარლამენტს გადაეცემა, რის შემდეგაც ის რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით იმოქმედებს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, კატალონიელ სეპარატისტებს, რუსეთი ეხმარებოდეს. რუსული სახელმწიფო მედიის სიმპათიები ცალსახად კატალონიის დამოუკიდებლობისკენ იხრება. საერთაშორისო მიმომხილველები ეჭვობენ, რომ კატალონური სეპარატიზმის უკან მოსკოვის ფარული მხარდაჭერა იმალება, რათა ერთიანი ევროპის იდეას ჩრდილი მიაყენოს.

რუსეთის ფედერაციას და დუმის არცერთ წევრს, კატალონიის რეფენრედუმი არ შეუფასებია და საერთოდ, აღნიშნულ ფაქტს კრემლი არც კი გამოხმაურებია. თუმცა, რუსეთის ცენტრალურმა მედიამ ეს დღე ფართოდ გააშუქა, თანაც დადებით კონტექტსში და თითქმის ყველა გამოცემამ აღნიშნა, რომ კატალონია დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში აღიარებდა. რუსეთის დუმა მხოლოდ ირიბი განცხადებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "კატალონიის რეფერენდუმი ესპანეთის საშინაო საქმეა". ეტყობა, დანარჩენი საქმე პროპაგანდისტულ მანქანებს მიანდო.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი, ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

ხოსე ენრიკო ფოლკის თქმით, მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეფერენდუმი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. ის ჯერ კიდევ გასულ წლებში იგეგმებოდა და კატალონიის დამოუკიდებლობის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. ეს რუსეთის ერთგვარი პასუხია მის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებზე. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კატალონია, რუსეთის მიერ აღიარებულ სახელმწიფოებსაც ცნობს.

"კიდევ ერთი, - ის ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს. თუ კი სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, - რატომ არ უნდა ვაღიაროთ ყირიმი? იქაც ხომ ჩატარდა რეფერენდუმი, რუსეთთან შეერთების სურვილით და უმეტესობამ ასე გადაწყვიტა", - აცხადებს ფოლკი, რომლის თქმითაც, კატალონიას აქვს თავისი ხედვა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური სანქციების შესახებ.

"ეკონომიკური სანქციების დაწესებით პრობლემები არასდროს მოგვარებულა, - პირიქით, გამწვავებულა და ამას აჩვენებს მსოფლიო გამოცდილება... პრობლემები მოლაპარაკებების გზებით უნდა მოგვარდეს და არა სანქციებით", - აცხადებს ფოლკი, რომელიც ელოდება, რომ კატალონიას სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"