პუჩდემონი - "კატალონია დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში კიდია"

პუჩდემონი - "კატალონია დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა ჰაერში კიდია"

კატალონიისთვის 10 ოქტომბერი, დღე, როდესაც რეგიონის დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინათ, შესაძლოა, დიდი იმედგაცრუების დღედ იქცეს, - ყველასთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ კატალონიის ლიდერი პუჩდემონი მზად არის, ამ საკითხზე მადრიდთან მოლაპარაკებებზე წავიდეს. ერთი სიტყვით, მან დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადება გადაწყვიტა.

კარლოს პუჩდემონი გუშინ საღამოს რეგიონალურ პარლამენტში გამოვიდა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა რეალობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მისაღებად მადრიდთან დიალოგი დაწყებულია.

ერთი სიტყვით, უკვე გასაგებია, რომ მან ესპანეთიდან გამოყოფის პროცესი არ დაუშვა. სხვათა შორის, თუ კატალონიის ლიდერი ამ განცხადებას არ გააკეთებდა, როგორც ის უკვე მადრიდიდან გააფრთხილეს, პატიმრობა არ ასცდებოდა. თუმცა, თავის მხრივ, თუ ის კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას არ გააკეთებს, ეს პუჩდემონის პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება.

კატალონიის ლიდერი თავის გამოსვლამდე აცხადებდა, რომ რეგიონმა დამოუკიდებლობა დაიმსახურა. მისივე თქმით, "კატალონიამ ჩატარებული რეფერენდუმით ყველას დაანახა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს იმსახურებს".

1 ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც 90%-მა ესპანეთიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი. პროტესტანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია. 750-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ბევრი მათგანი დღემდე მკურნალობს.

"სიტუაციას, რომელიც ახლა კატალონიაშია, შეიძლება, "ნახევრად ფეხმძიმობა" ვუწოდოთ. კატალონიაში მოსალოდნელი იყო ახალი, უფრო ძლიერი ტალღა. ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და ელოდნენ, ლიდერები როდის გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას. გარშემო უამრავი ტრაქტორი იყო მობილიზებული, რათა პოლიციას ხალხის ტალღა არ გაერღვია და კატალონიის პრეზიდენტი დაეცვათ.

"ხალხი იყო ძალიან აღელვებული, ყველას მოუთმენლობა ეწერა სახეზე, ისინი ყოველ წამს ელოდნენ ლიდერებისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რაღაც სასწაულის მოლოდინში იყვნენ", - ასე აღწერს დასავლური მედია ხალხის მოლოდინს, თუმცა, შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი პუჩდემონი, რომელმაც განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებელია, თუმცა, როდესაც ეიფორია ჩაწყნარდა, დასძინა, რომ "მათი დამოუკიდებლობა ჰაერშია. ჩვენ მადრიდთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არაფერია, ჩვენ 300 წელი ვიცდიდით, შეიძლება კიდევ ცოტა ხანს მოვიცადოთ", - დაასრულა კატალონიის ლიდერმა. მისმა სიტყვებმა იქ მყოფნი ჯერ დააბნია, თუმცა, დემონსტრაცია არ შეწყვეტილა.

დასავლური მედიის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შეფერხებაში დიდი როლი ითამაშა პუჩდემონის საერთაშორისო მრჩეველმა, ვიქტორ ტერადელისმა, რომელიც ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მთავარი იდეოლოგი, პრაქტიკულად, "რუხი კარდინალია". თუმცა, კატალონიის ლიდერების რწმენა, რომ ესპანეთის გარეშე გაცილებით უკეთესად იცხოვრებდნენ, ევროკავშირის მკაცრმა განცხადებებმა და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახად უარყოფითმა შეფასებებმა შეარყია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"