მოგებული საბანკო სისტემა, დაზარალებული ბიზნესი და მოსახლეობა - ვის აძლევს ხელს ვალუტის გაუფასურება

მოგებული საბანკო სისტემა, დაზარალებული ბიზნესი და მოსახლეობა - ვის აძლევს ხელს ვალუტის გაუფასურება

ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ლარის გაუფასურების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა: ზუსტად ორი თვის წინ, 24 აგვისტოს, 1 დოლარი 2,3946 ლარი ღირდა, 25 აგვისტოს ლარი 2 პუნქტით გაუფასურდა და მისი კურსი 2,4169 გახდა.

ამის შემდეგ ეროვნული ვალუტა ლამის ყოველდღიურად უფასურდებოდა და დღეს მისი კურსი უკვე 2,5206-ია. ბუნებრივია, ამ პროცესით უკმაყოფილოა მოსახლეობა და უკმაყოფილოა ბიზნესი, რომელიც კურსის მერყეობით კიდევ ერთხელ დაზარალდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა მოგებული. მათ შორის არის ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე:

-საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ: სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია - ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახალისებს და ხელს უწყობს. ახლა ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მათ მიერ მოზიდული თანხის საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადონ. როდესაც ჩვენ გვიხარია, რომ საბანკო სისტემის მოგება მატულობს, ამ მოგების სოლიდური ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება მათ წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ეს არ არის ისეთი კატასტროფული თანხა, რომ ვალუტის კურსის მწვავე ცვლილება გამოეწვია.

ანალიტიკოსის შეფასებით, დევალვაციის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მიზეზი არის ის, რომ კომერციული ბანკებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, თავისი დანაზოგი ყველას უცხოურ ვალუტაში გადააქვს:

ვაჟა კაპანაძე - ლარს დაგროვების ფუნქცია დაკარგული აქვს და ეს მის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ფულს კომერციულ ბანკების დეპოზიტებზე დებს. უცნაურია, როცა სამინისტროს დეპოზიტებზე თანხა აქვს და ამ დროს თანხის მოსაზიდად სახაზინო ვალდებულებებს ყიდის - ეს აბსურდის თეატრს ემსგავსება. ასევე უცნაურია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესრულება დაიწყო, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. ფინანსთა სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ შემოსულ თანხას მიმართულება მისცეს და სწორად დახარჯოს, მას კი მიაქვს და ბანკში დებს - რა ჰქვია ამას? ყველა ამ ფაქტორმა ერთად მოიყარა თავი, თუმცა კურსის მერყეობის მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ინტერესებს ემორჩილება. შედეგად, საბანკო სისტემა მოგებული რჩება, ბიზნესი და უბრალო მოქალაქეები კი - მუდმივად ზარალდებიან. ლარის კურსის მერყეობის გამოყენებით კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი "ამოქაჩეს" კერძო სტრუქტურებიდან და მოსახლეობიდან. კურსი რომ სტაბილური ყოფილიყო, ეს თანხა ჩვენს ეკონომიკას წაადგებოდა.

"რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ხელოვნური შეზღუდვები ვერ დაწესდება, ქვეყანაში მცურავი კურსი უნდა არსებობდეს, მაგრამ მოულოდნელი რყევები მოსახლეობასაც აზიანებს და ლარის იმიჯსაც" - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ