ნიგერიის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა ნიგერიაში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას. აფეთქება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში მაშინ მოხდა, როდესაც მეჩეთში დილის ლოცვები აღევლინებოდა. დაჭრილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობებით, პოლიციის ახალგაზრდა თანამშრომელი ლოცვის დროს მეჩეთში შევიდა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.

თვითმხილველების თქმით, ბოევიკი დაახლოებით 17 წლის იქნებოდა და ისლამურ დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრი იყო. "აისისის" დაცემის მიუხედავად, ისლამური ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მებრძოლები ნიგერიის ქალაქებზე თავდასხმებს კიდევ უფრო მეტი სისასტიკით განაგრძობენ.

დაჯგუფებამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სრულ მორჩილებაში გადადიოდა...

"ბოკო ჰარამი" ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში 2009 წლიდან მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2 მილიონამდე პირმა კი საცხოვრებელი ადგილი დატოვა...

არც ისე დიდი ხნის წინ, მათი სამიზნე ბორნოს შტატის ერთ-ერთი მეჩეთი გახდა. ბოევიკები მეჩეთს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც იქ მლოცველები იმყოფებოდნენ. მაშინ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

ისლამისტები ნიგერიაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებენ.

"ბოკო-ჰარამის" წევრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. ისინი განათლების დასავლური მოდელის დანერგვას ეწინააღმდეგებიან და როგორც ჩრდილოეთ ნიგერიაში, ასევე მის მიმდებარე ქვეყნებში ბალისა და ჩადიში, შარიათის დანერგვისა და ისლამური ხალიფატის შექმნისთვის იბრძვიან.

ბოლო შემთხვევის შემდეგ, არაბულ ენაზე მიმართვა გააკეთა "ბოკო ჰარამის" ლიდერმა აბუბაქარ შეკაიმ და აღნიშნა, რომ ისინი არ გაჩერდებიან, ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევენ და სამყაროს "ალაჰს არ დაუმორჩილებენ...",- აცხადებს აბუბაქარი და დასძენს, რომ ასევე, შურისძიებას განაგრძობენ მათი "ძმების", "ისლამური სახელმწიფოს" წევრების შევიწროებისთვის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"