ზიმბაბვეს გადაყენებული პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი მეუღლე გრეისი წელიწადში 10 მილიონ დოლარს და სასამართლო დევნისგან იმუნიტეტს მიიღებენ. ამის შესახებ „გარდიანი“ ადგილობრივი მმართველი პარტიის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ზუსტი თანხა ცნობილი არაა, რომელსაც მუგაბე მიიღებს, მაგრამ ის 10 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები არ იქნება, ხოლო ამ თანხიდან ის 5 მილიონ დოლარს დაუყოვნებლივ მიიღებს.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე მიიღებს ხელფასს 93 ათასი დოლარის ოდენობით, მისი მეუღლე კი - ამ თანხის ნახევარს. მათ, ასევე შეეძლებათ საკუთარ რეზიდენციაში დარჩენა. სახელმწიფო ექსპრეზიდენტსა და მის მეუღლეს სამედიცინო მომსახურებას, სახლის პერსონალის ხარჯებს, უსაფრთხოების ხარჯებსა და საზღვარგარეთის ვიზიტებს აუნაზღაურებს.
25 ნოემბერს ზიმბაბვეს უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის სამხედროთა მოქმედებები გაამართლა, რომელმაც რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადააყენა.