მიხეილ სააკაშვილის სახლის ჩხრეკა კიევში ამ დრომდე მიმდინარეობს, თავად ყოფილი პრეზიდენტი კი სახლის სახურავზეა ასული და როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სააკაშვილი გადმოხტომით იმუქრება.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახლთან მოსახლეობაა შეკრებილი, მხარდამჭერები მის გამხნევებას ცდილობენ.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
LIVE: სააკაშვილი სახლის სახურავზე და მიმართვა მის სახლთან შეკრებილებისთვის

"მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!" - დაწერა მან.
ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ამის შესახებ სააგენტო LIGA.net იუწყება. "ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.