უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პარლამენტში განცხადებას გააკეთებს ე.წ. მიხომაიდანის დაფინანსების წყაროებზე, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა ტარდებოდა უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც არ კონკრეტდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილად არის ცნობილი.
ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სახლთან არიან მობილიზებულნი.
„სააკაშვილი ეჭვმიტანილად არის ცნობილი. ახლა მასთან ერთ-ერთი ადვოკატია, მეორე არ შეუშვეს“, - განაცხადა დეპუტატმა ივან სლობოდიანუკმა.
დეპუტატი იური დერევიანკოს თქმით, „დაკავებულია და მას ცნობა გადასცეს იმის თაობაზე, რომ ის ეჭვმიტანილია“.