თანამედროვე ქართული ფილმების პრემიერები, რომელთაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავთ

თანამედროვე ქართული ფილმების პრემიერები, რომელთაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავთ

4 დეკემბრიდან თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალის ფარგლებში ყოველთვის განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ქართული კინოს სიახლეებს, რა თქმა უნდა არც წლევანდელი წელიწადი იქნება გამონაკლისი. წელს ფესტივალი ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში "ქართული პანორამა" უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. მათ შორის იქნება რამოდენიმე ფილმი, რომელთა ქართული პრემიერა სწორედ ფესტივალზე გაიმართება პირველად.

გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა ნახვასაც ქართველი მაყურებელი პირველად თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე შეძლებს:

"მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე"- თანამედროვე ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის 2017 წელს გადაღებული ფილმია.

ახალგაზრდა ქალი, სახელად აპრილი, თბილისის ღამის კლუბში მუშაობს. იქ ხვდება ნიგერიელ ბიჭს, დიჯეის, რომელიც ამერიკის ჯორჯიის ნაცვლად, შეცდომით საქართველოში აღმოჩნდა.

ფილმის ნახვას მაყურებელი 7 დეკემბერს, ამირანის პირველ დარბაზში 14:00 საათზე შეძლებს.

"სავარძელი"- ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმია, რომელიც 2017 წელს გადაიღო.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ მინისტრი ყველაფერს კარგავს, რაც მისთვის ძვირფასია: ოფისს, მანქანას, შემოსავლის წყაროს და რაც მთავარია - ძალაუფლებას. გიორგის სკამი, რომელიც ცოცხალი არსებაა, სტიმულს აძლევს ყოფილ მინისტრს, რომ ზომები მიიღოს, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს.

ფილმის ნახვას მაყურებელი 8 დეკემბერს, ამირანის მესამე დარბაზში 19:00 საათზე შეძლებს.

"საშიში დედა"- თანამედროვე ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის 2017 წელს გადღებული ფილმია.

50 წლის დიასახლისი მანანა საკუთარ დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩოს ან თავისი გატაცება - წერა, რომელსაც წლების განმავლობაში იხშობდა. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გატაცებას მიყვეს და ბოლომდე ეფლობა წერის პროცესში, რასაც მსხვერპლად წირავს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

ფილმის ნახვას მაყურებელი 9 დეკემბერს, ამირანის პირველ დარბაზში 16:00 საათზე შეძლებს.

"ნამე"- თანამედროვე ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის 2017 წელს გადაღებული ფილმია.

ალის ოჯახს მისია აკისრია - სამკურნალო წყლის პატრონობა და მისი დახმარებით სნეული თანასოფლელების განკურნება. სამივე ვაჟმა მამისეული სახლი მიატოვა, მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი ცისნამე (ნამე) შემორჩა ოჯახური ტრადიციების სადარაჯოზე. ნამე მერაბს გაიცნობს. მათ შორის სიახლოვის სურვილი ჩნდება. ამ დროს პარალელურად, ხეობაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც შესაძლოა ეკოლოგიური ცვლილებების გამომწვევი იყოს. ერთ დღესაც, წყალი დაშრობას იწყებს. მოხუც მამას ძველების ნათქვამი ახსენდება, რომ წყლის დაბრუნება მსხვერპლშეწირვის გარეშე შეუძლებელია.

ფილმის ნახვას მაყურებელი 10 დეკემბერს, ამირანის პირველ დარბაზში 14:00 საათზე შეძლებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება