პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ

პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სრულიად ქართული დიზაინის, პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება - მას ციკოლიამ "ლიზი" უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის პატივსაცემად...

კომპოზიციური მასალების სპეციალისტი - დემურ კეზუა წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, AMBEBI.GE-ს მკითხველს სწორედ ის უამბობს, როგორ შეიქმნა პირველი, სრულიად ქართული დიზაინის მქონე თვითმფრინავი.

"ეს იდეა ზვიად ციკოლიას დაახლოებით ათი წლის წინ გაუჩნდა. მეგობრები ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და მოაფიქრდათ თვითმფრინავი შეექმნათ... ზვიადმა მეორე დღესვე დაიწყო იდეის განხორციელება. ჯერ ინფორმაციის მოპოვება დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ლითონის თვითმფრინავი ძალიან მძიმე იქნებოდა და შემდეგ კომპოზიციური მასალით შექმნა გადაწყვიტეს... მე ამ პროექტში დაახლოებით ორი წლის წინ ჩავერთე. ზვიადს რომ შევხვდი, იმ პერიოდში შეჩერებული იყო პროექტი მასალების და ტექნოლოგიების არქონის გამო. ისევ დავიწყეთ მუშაობა, გავაცოცხლეთ იდეა და ორი წლის განმავლობაში იმდენი მოვახერხეთ, რომ იანვარში უკვე ავფრინდებით!

- როგორი თვითმფრინავი იქნება?

- ვერ ვიტყვით, რომ სხვებისგან განსხვავებული და რაღაც სასწაული იქნება... პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი იქნება. მსუბუქი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კომპოზიციური მასალებით დამზადებული. თვითმფრინავი არ იჟანგება და კოროზიას არ განცდის... იმ ტექნოლოგიებს, რასაც 21-ე საუკუნე მოთხოვს, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. დიზაინი აბსოლუტურად განსხვავებულია, ზვიად ციკოლიას ძალზედ საინტერესო დიზაინია. მეორეს ზუსტად ასეთს ვერსად ნახავთ... ჯერ თვითმფრინავი დასრულებული არ არის და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე გამოთქვეს დაინტერესება ინვესტორებმა...

- ჩვენი ქვეყნიდან რამდენად იყო მხარდაჭერა?

- სახელმწიფო გვერდით დაგვიდგა იმ მხრივ, რომ სამუშაოდ ტერიტორია გამოგვიყვეს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მისი ინიციატივით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფართი მოგვცეს... ქარხანაში მომსახურების მხრივაც გვეხმარებიან, რადგან იქ ბევრი ჩვენი მეგობარია. რაც შეეხება მასალებს და სხვადასხვა ხარჯებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ბანკი დაგვეხმარა. თვითმფრინავს კომპოზიციური მასალებით ვქმნით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არის დამყარებული.

30 წლის შემდეგ თვითმფრინავისთვის მასალები მოძველებულია და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც ამ წუთში ვაკეთებთ... ამიტომაც მასალების ჩამოტანა უცხოეთიდან გვიწევს. საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის მზადყოფნა ასეთი რამეებისთვის. არ არის მომართული ამდენად დიდი წარმოებისთვის. აბსოლუტურად დაულაგებელია მასალების ლოჯისტიკა. კოლოსალური თანხები გვიჯდება იმ მასალების მოპოვება, რომელიც უცხოეთში ადვილად ხელმისაწვდომია. ძალიან დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიხდა, რომლის მსგავსიც საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებს არ გააჩნიათ. ინფრასტრუქტურაც მოუწყობელია და ვერ ვხედავ ამ წუთში ქვეყანაში პერსპექტივას, თანამედროვე თვითმფრინავების წარმოება რომ დაიწყოს...

ქართველიშვილმა ამერიკაში შექმნა თვითმფრინავი, თორემ იმ დროში რომ საქართველოში მსგავსი რამ ეცადა, ან დახვრეტდნენ, ან ვერაფერსაც ვერ შექმნიდა. საბჭოთა კავშირი იყო და წარმოუდგენლად დიდი ინტრიგები ამ სფეროში. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინდუსტრია განვითარებულია, თუ რამე კარგს ქმნი, დიდი ხელშეწყობაა და ყველაფერი გეყიდება. აქ კი ისეთი წინააღმდეგობების გადალახვა გიწევს, რომელიც საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს მწარმოებელს... მაგალითად, მე როგორც მწარმოებელს ოდნავაც არ მაინტერესებს პოლიტიკა...

ამ თვითმფრინავის შექმნაზე ვინც კი მუშაობს, ზვიად ციკოლიას თაოსნობით, ყველა პატრიოტები არიან. აბსოლუტურად უანგაროდ, მხოლოდ ენთუზიაზმზე დამყარებულია ყველაფერი. ძალიან დიდი ადამიანური ენერგიაა აქ დახარჯული. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან კარგად დაგვირგვინდეს!

ჩვენი გათვლებით ჯობია ჯერ უცხოეთში წავიდეთ, წარმოება გავაკეთოთ, გამოცდილება შევიძინოთ, ფული დავაგროვოთ და შემდეგ ჩამოვიდეთ. აქ კი ჩვენი ხარჯებით და ძალებით გავაკეთებთ რამეს... დაინტერესება არის ემირატებიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან...

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ