იერუსალიმი, როგორც "საჯილდაო" გუშინ და ხვალაც

იერუსალიმი, როგორც "საჯილდაო" გუშინ და ხვალაც

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობაზე უარი თქვა. ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის გადაწყვეტილება, იერუსალიმისათვის ისრაელის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ, უარყოფილია. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 128 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო - 9, თავი შეიკავა - 35-მა. კენჭისყრის დროს, ქართული დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა... 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, - "ქართულ მხარეს რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდიარე არ მიუღია..."

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია, გუშინ გაიმართა და მიზეზი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ ამერიკის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუცია იყო.

ეს შეხვედრა გაეროში, პალესტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიად მანსურმა მოითხოვა, რომელიც იმედოვნებდა, რომ რეზოლუციას "მტკიცე მხარდაჭერა" ექნებოდა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილების წინააღმდეგ რეზოლუცია ეგვიპტემ მოამზადა, - ორშაბათს, საბჭოს 14 წევრის მხარდაჭერის მიუხედავად, ამერიკამ ვეტოს უფლება გამოიყენა...

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროში მომხდარი ფაქტი მწვავედ გააკრიტიკა, - მისი თქმით, გაერო მატყუარების სახლია და დასძინა, რომ ისრაელის დედაქალაქის აღიარება ამ ორგანიზაციაზე სულაც არ არის დამოკიდებული.

"ამერიკას იერუსალიმი ჩვენს დედაქალაქად აღიარებისთვის, 70 წელი დასჭირდა და როგორც ჩანს, კიდევ ბევრი წელი იქნება საჭირო, რომ გაერომაც გვაღიაროს. ისრაელის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვანაირად იცვლება და იგივეს თქმა შეიძლება გაეროზეც...", - აცხადებს ისრაელის პრემიერი.

ახლა მთავარი კითხვა, რომელიც მსოფლიოს აწუხებს, არის, შეასრულებს თუ არა ტრამპი თავის მუქარას. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის თქმით, მთელი საფრთხე იმით ამოიწურება, რომ ვაშინგტონი მას ფულს აღარ გადაუხდის. ისე, როგორც ეს სხვა შემთხვევებში გაუკეთებია და სხვადასხვა საკითხებში მის შანტაჟს განაგრძობს, რომ მას "გადარიცხვებს გაუყინავს". თუმცა, გაეროს საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს.

დასავლური მედია აქტიურად ადევნებდა თვალს გაეროში ისრაელის საკითხის განხილვას. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკა მაინც გადაიტანს თავის საელჩოს იერუსალიმში. ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილმა...

აშშ-ის პრეზიდენტი დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის საკითხზე გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"უკვე ცნობილია, რომ უკან არ იხევს ტრამპი და ისიც ცნობილია, რომ არც "არაბული სამყაროს" განცხადებების დონეზე გამოხატული უკმაყოფილება მოასწავებს მშვიდობას... ისმის კითხვა - რას უნდა ველოდოთ?", - წერს პრესა.

ისრაელის გარშემო გაეროში მიმდინარე პროცესებს რუსი ექსპერტები ეხმიანებიან. პოლიტოლოგი, ამერიკული კვლევის ცენტრის კათედრის დოცენტი გრიგორი იარიგინი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის იერუსალიმის საკითხი პრინციპის საკითხია.

მისი თქმით, გაეროს უარყოფითი რეზოლუციის მიუხედავად, ის ქვეყნები, რომლის მიმართაც ამერიკა ლოიალურად არის განწყობილი, თანდათან აღიარებენ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.

"ამერიკა ის დიდი გემია, რომელმაც უკვე აიღო განსხვავებული კურსი და მისი შეცვლა ასე ადვილად შეუძლებელია, მით უფრო, მას ამის გაკეთება არც სურს..." - აცხადებს იარიგინი.

საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციის ანალიტიკოსი, სტანისლავ ბიშოკი მიიჩნევს, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტს დონალდ ტრამპი "ასე არ დატოვებს", ეს შეეხება მეტი წილი იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებული არიან ამერიკასთან.  

თუმცა, ევროპული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის დმიტრი სუსლოვის თქმით, დონალდ ტრამპის მუქარა მუქარად დარჩება. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კარგა ხანია გაეროსთვის ფინანსური დახმარების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და შესაძლოა, ამ ფაქტმა, მხოლოდ პროცესები დააჩქაროს.

USAID-ის მონაცემებით, 2016 წელს, ვაშინგტონმა აფრიკის ქვეყნებში 13 მილიარდის ოდენობის ეკონომიკური და სამხედრო სახის დახმარება განახორციელა, აღმოსავლეთ აზიაში კი - 1,6 მილიარდი... გარდა ამისა, აშშ-დან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 13 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებში 1,5 მილიარდის ოდენობით თანხა გადაირიცხა...

დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გაეროში, სხვა წევრ ქვეყნებთან შედარებით, ამერიკის წვლილი ყველაზე დიდია... ბოლოს მან ამის შესახებ განცხადება სექტემბერში, გაეროში გამოსვლისას გააკეთა.

გაეროს ბიუჯეტმა, 2016-2017 წლებში, 5,4 მილიარდი შეადგინა და ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, - ორგანიზაციაში, ამერიკის წვლილი დაახლოებით 1,2  მილიარდს შეადგენს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"