"ბაბლუანების კლანის" ახალი ნამუშევარი - რამდენი წელი დასჭირდა გელა ბაბლუანს "ფულის" გადასაღებად და რა იყო მისი ინსპირაცია

"ბაბლუანების კლანის" ახალი ნამუშევარი - რამდენი წელი დასჭირდა გელა ბაბლუანს "ფულის" გადასაღებად და რა იყო მისი ინსპირაცია

რა ადგილი უკავია ფულს ადამიანის ცხოვრებაში და რა ხდება მაშინ, როდესაც ის ერთ ღამეში უნდა იშოვო, - ადამიანის დაუნდობელი სახე, კორუფცია ძალაუფლებაში, მძიმე სოციალური ფონი, სიკვდილ-სიცოცხლის შიში და იმედი - ეს არის ის, რაც რეჟისორმა გელა ბაბლუანმა წარმატებული "ცამეტის" შემდეგ გადაიღო.

რეჟისორს მსოფლიო აღიარება სწორედ "ცამეტმა" მოუტანა (2005 წლის ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი, 2006 წლის სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის "გრანპრი", 2005 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისთვის და სხვა). "მემკვიდრეობაზე" მამასთან, რეჟისორ თემურ ბაბლუანთან ერთად იმუშავა, შემდეგ  კი ჰოლივუდში "ცამეტის" ამერიკული ვერსია გადაიღო.

4 წლის წინ კი საფრანგეთში, წარმატებულ მსახიობთა ჯგუფთან ერთად, მუშაობა ახალ პროექტზე დაიწყო. ბენუა მაჟიმელი, ანუკ გრინბერი, ვენსან როტიე, ლუი-დო დე ლანკესე და გელას ძმა - გიორგი ბაბლუანი - ეს ადამიანები "ფულის" პერსონაჟებს განსახიერებენ.

გიორგიზე თავად რეჟისორი ასე ამბობს: "როდესაც იღებ ფილმს, კარგად უნდა იცნობდე მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს, გიორგის ვფიქრობ, სხვა თვისებებთან ერთად, აქვს კაცური მომენტიც, რაც მისი პერსონაჟებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია". გიორგი ბაბლუანი მისი წინა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელია...

რეჟისორი არც სცენარის მიმართულებითაც არღვევს ტრადიციას და საკუთარი ფილმის სცენარისტი ისევ თვითონ არის. ბოლო ნამუშევარი გვიამბობს მამაკაცზე, რომელიც ჰავრის (ჩრდილოეთ საფრანგეთი) მუშათა გარეუბანში ცხოვრობს და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტო ზრდის ერთადერთ შვილს. ის ვალშია ადგილობრივი ბანდის ლიდერთან და ამის გამო იძულებულია, ფულით სავსე ჩანთა მოიპაროს...

"ვთვლი, რომ ეს არის უნივერსალური თემა, დღეს საზოგადოება არის დაყოფილი ორად, - მსოფლიო სულ უფრო მატერიალისტური ხდება და ვფიქრობ, რომ ეს სიუჟეტი ყველასთვის აქტუალურია," - ამბობს გელა ბაბლუანი.

ფილმმა უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება. იგი ბრიუსელის კინოფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო თავად რეჟისორი, ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურისთვის" გამარჯვებულად გამოცხადდა.

"ფულის" ფრანგული პრემიერა ოქტომბერში შედგა და მას მერე უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა და არაერთ წარმატებას მიაღწია. ქართული პრემიერა 14 დეკემბერს შედგა, ხოლო გასულ კვირას ქართული მედიისთვის "ფულის" დახურული ჩვენება გაიმართა. იმის გამო, რომ გელა ბაბლუანი თბილისში არ იყო, მის დასთან, სოფო ბაბლუანთან ვისაუბრეთ, რომელიც პროფესიით ასევე კინორეჟისორია და საფრანგეთის კინოცენტრში მოკლემერაჟიანი ფილმების ჟიურის წევრია. ფილმი "ფული" სოფოს სიმღერით იწყება.

"სცენარი დაახლოებით 4-5 წლის წინ დაიწერა, მაგრამ გადაღებას დრო დასჭირდა იმის გამო, რომ დიდი დრო უნდა სხვადასხვა ეტაპის გავლას, ასევე დაფინანსების მოპოვებას, რომ სრულმეტრაჟინი ფილმი შედგეს. მით უმეტეს, საფრანგეთში, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, გელას ამ ყველაფრისთვის 4 წელი დასჭირდა", - გვეუბნება სოფო ბაბლუანი და გვიხსნის, თუ რატომ გახდა რეჟისორისთვის პრაქტიკულად იგივე თემა აქტუალური, რაც "ცამეტში". 

"მაშინ, როდესაც ახალგაზრდამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელმაც მისი ცხოვრება უნდა შეცვალოს, ამას გარემო და მძიმე ფონი უშლის ხელს. გელასთვის ამის ინსპირაცია თუნდაც საქართველოს 90-იანი წლების მდგომარეობა გახდა, ის გარემო, რომელშიც ახალგაზრდები გადაწყვეტილებას იღებდნენ. დიახ, ზომიერებისა და ზომის გადაცდენის საკითხია, როდესაც გარემო კარგავს რეალობას და ადამიანი ვერაფერს საზღვრავს, ვერც ფასეულობებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და აღმოჩნდა, რომ გელასთვისაც ცენტრალური თემაა".

- ოჯახის წევრები როგორ აფასებთ ფილმს?

- ოჯახში ყველანი კრიტიკულები ვართ და ბევრად უფრო კრიტიკულები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ალბათ დაუნდობლებიც, ვიდრე შეიძლება ამის უფლება თავს ვინმემ გარედან მისცეს. ჩვენი "კლანი", ანუ ოჯახის წევრები, ყველა ეტაპზე სცენარსაც ვკითხულობთ და ერთმანეთს აზრს ვაწვდით, ჩვენთვის არანაირი კომპრომისი არ არსებობს. კინო ისეთი რამ არის, არაფერს გპატიობს, შეცდომას ვერც დიდ ეკრანზე დამალავ. ამიტომ არის, რომ ახლა ასე თავისუფლად შემიძლია ფილმზე ვილაპარაკო. ვიტყვი იმასაც, რომ ის მოსწონს მაყურებელს. ფილმი ჩემი სიმღერით იწყება და ბოლოში იმავე მელოდიით მთავრდება. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რაც ეკრანზე აღმოვაჩინე, რომ გელას ფილმში ჩემი სიმღერა გამოუყენებია.

-ე.ი. მღერით?

- ვღიღინებ... მაგრამ ალბათ უფრო მემღერება და ვმღერი... თუ ფილმზე გავნაგრძობთ საუბარს, "ორანჟსტუდიოა" მისი მთავარი პარტნიორი, არიან სხვებიც... მაყურებელი აქტიურობს, მოსწონს სცენარი, რეჟისურა, ჟანრიც, შესრულება. მშვენიერი პრესა აქვს, გამოხმაურება. საფრანგეთში ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის ე.წ. შავი ჟანრის დარგი, რომელიც ბოლო დროს დაიკარგა და მას თავის ნამუშევრებში მხოლოდ გელა აცოცხლებს.

- თავად რეჟისორი ახლა რაზე მუშაობს?

- ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რა შეძლებოდა კიდევ გაეკეთებინა და რას გააკეთებს შემდეგში. მას აქვს რამდენიმე სცენარი, ძალიან საინტერესო თემები, დაახლოებით ისეთი დრამატული, შავი ჟანრის, თუმცა ბოლომდე ვერ გავამხელ, რადგან მას ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გადაიღებს.

პ.ს. ქართველმა მაყურებელმა "ფული" მხოლოდ იმიტომ არ უნდა ნახოს, რომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარია, უბრალოდ, ის არის კინო, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება