ტრამპის წინასაახალწლო საჩუქარი კიევს - რა შეიარაღებით მოამარაგებს აშშ უკრაინას

ტრამპის წინასაახალწლო საჩუქარი კიევს - რა შეიარაღებით მოამარაგებს აშშ უკრაინას

უკრაინა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ღია თუ ფარული დაპირისპირების ქვაკუთხედად რჩება. ყირიმის "დაბრუნების" მიუხედავად, კრემლი უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას და მით უმეტეს მის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებას ოფიციალურად დღემდე არ აღიარებს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულმა ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში ათეულობით (ასეულობით თუ არა) სუსტი წერტილი გამოავლინა. მას შემდეგ საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებასთან ერთად, კიევი სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის შეარაღების მიღებას დასავლური ქვეყნებიდან ცდილობს.

2017 წლის მიწურულს, წინასაახალწლოდ, ვაშინგტონმა კიევს ნანატრი საჩუქარი გაუკეთა - ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე თანხმობა გასცა. პირველმა აღნიშნული ცნობა, გამომცემლობა The Washington Post-მა გაავრცელა.

უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების პირველ პარტიაში Barrett M107A1-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი (12,7×99 მმ) სნაიპერული შაშხანები, მათი სათადარიგო ნაწილების კომპლექტი, დამატებითი აღჭურვილობა და ტყვია-წამალი შევა. მიწოდების საერთო ღირებულება 41,5 მლნ დოლარს აღწევს.

M107A1 - ეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მოდიფიკაციაა. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სპეციალისტებმა შაშხანა პრაქტიკულად ნულიდან შექმნეს და საბაზო მოდელთან შედარებით თითმის 2 კგ-ით შეამსუბუქეს. შაშხანას ტიტანის ლულა და მაყუჩის გამოყენების შესაძლებლობა აქვს.

საგულისხმოა, რომ უკრაინელი სამხედროების განკარგულებაში Barrett-ები 2014 წლიდანაა. სპეცდანიშნულების რაზმებისთვის 2014 წლის დეკემბერში სახელმწიფო კომპანია "უკრინმაშმა" ("უკრობორონპრომის" შვილობილი) მწარმოებელთან Barrett Firearms Manufacturing-ი შაშხანების შესყიდვაზე შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. რამდენიმე თვით ადრე ეროვნული გვარდიისთვის კიევმა აშშ-ში 15 ერთეული "ბარეტი" შეიძინა. 2015 წელს დონბასში მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს კიდევ 52 შაშხანა გადაეცათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონი სამხედრო პროდუქციით კიევს აქამდეც ამარაგებდა, თუმცა ლეტალური შეიარაღების ოფიციალურ მიწოდებამდე საქმე არასდროს მისულა. დაახლოებით 3 წლის წინ კიევმა 3 ერთეული სპეციალური რადარი მიიღო, რომელიც მოწინააღმდეგის საარტილერიო პოზიციებს აფიქსირებდა. დროდადრო ვაშინგტონი კიევს ჯავშანჟილეტებს, ჩაფხუტებს, მედიკამენტებს, სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის კომპლექტებს, "ჰამერის" ტიპის ავტომობილებს უგზავნიდა.

2014 წელს აშშ-მ "უკრაინული თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ" სპეციალური კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი, რომელსაც კონგრესის რეზოლუცია ჰქონდა მიღებული, თეთრ სახლს კიევისთვის შეიარაღების, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდების საშუალებას აძლევდა, თუმცა ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას კანონპროექტი მხოლოდ ქაღალდად დარჩა.

რუსული სამხედრო ინტერვენციისთვის საკადრისი პასუხის გაცემისთვის, კიევს გაცილებით დიდი მოცულობის სამხედრო დახმარება სჭირდება. თითქმის 2 წელია კიევი მისთვის რადიოლოკაციური საშუალებების, უპილოტო საფრენი აპარატების და საზენიტო კომპლექსების მიწოდებას ითხოვს. მარტივად, რომ ვთქვათ იმ სამხედრო კომპონენტების, რომლის წარმოება და სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებული ნიმუშების გამართული შენახვა-ექსპლუატაცია თავად არ შეუძლია.

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ვაშინგტონის კიდევ ერთი წინასაახალწლო საჩუქრის შესახებ გახდა ცნობილი. ტრამპმა თანხმობა განაცხადა, რომ უკრაინას Javelin-ის ტიპის ტანსაკწინააღმდეგო კომპლექსები მიაწოდოს. უახლოეს მომავალში დადგენილება რატიფიცირებისთვის აშშ-ს კონგრეს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ Javelin-ების მიწოდების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაცია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 14 ნოემბერს გამოსცა.

მიწოდების განხორციელების შემთხვევაში, უკრაინა 47 მლნ დოლარის ღირებულების 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და 35 გამშვებ დანადგარს მიიღებს. Javelin-ების საფასურს კიევი ვაშინგტონის მიერ გაღებული სამხედრო დაფინანსებიდან გადაიხდის. 2018 წლის დამტკიცებული აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტიდან თავცვითი ხარჯებისთვის უკრაინა ოფიციალურად 350 მლნ დოლარს მიიღებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ, AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"