ამერიკული "უსაფრთხოების ძალები" სირიაში - "ცეცხლთან თამაში" თუ ბრძოლა გავლენებისთვის?

ამერიკული "უსაფრთხოების ძალები" სირიაში - "ცეცხლთან თამაში" თუ ბრძოლა გავლენებისთვის?

თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმას, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად "30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთის" შექმნასთან დაკავშირებით. არსებული ცნობით, შეიარაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.

აშშ-ის სურვილი მიუღებელია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც. უწყების განცხადებით, სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა. დამასკოში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ "სირიის არმია მზად არის ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ნებისმიერი სახით ყოფნას ბოლო მოუღოს".

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენელმა გამოცემა The Defence Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ზონის შექმნაში კოალიციას ქურთული სამხედრო ფორმირება, "სირიის თავდაცვითი ძალები" ეხმარება.

ამერიკის ინიციატივა, მწვავედ გააკრიტიკა თურქეთმა. ვიცე-პრემიერ ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ვაშინგტონი ანგარიშს არავის უწევს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და "ტერორისტული არმიის" შექმნით" ცეცხლს ეთამაშება". უფრო ადრე, "სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემის გამო", ანკარამ ვაშინგტონი არაერთხელ გააკრიტიკა.

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, თურქეთი ყველა ზომას მიიღებს, რომ ამერიკას სირიაში "საზღვრის დამცველი არმიის" ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალოს, რომელიც ქურთი სამხედროებით იქნება დაკომპლექტებული. საბჭოს განცხადებით, ისინი არ შეეგუბიან მათ საზღვართან "ტერორისტული დერეფნისა და ტერორისტული არმიის" შექმნას.

ამასთან, თურქეთის უსაფრთხოების საბჭომ ამერიკას მოსთხოვა, "დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველა იარაღი, რომელიც სირიაში ქურთ ბანდფორმირებებს გადაეცა".

თურქეთის ლიდერის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ისინი დაუყოვნებლივ გაანადგურებენ ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ამერიკის ინიციატივით, სირიის ჩრდილოეთით უნდა შეიქმნას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალი "ანტიტეტორისტული ოპერაციის" მზადება შეწყვეტილია, თუმცა, შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს.

"ჩვენი ამოცანაა, ჩანასახშივე მოვსპოთ ეს არმია, ვიდრე ის "დაბადებულა", თუ ამერიკას სურს ამ ველურ არსებებთან ჰქონდეს ურთიერთობა, ეს მისი საქმეა, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - აცხადებს Anadolu-სთან ინტერვიუში თურქეთის ლიდერი, რომლის თქმითაც თურქეთის მოსაზღვრე სირიის ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს და სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის, თავის მოკავშირეებთან ერთად, მისი სახელმწიფოსთვის ნებისმიერ საფრთხის შემცველ ქმედებებს მკაცრად გაუსწორდეს - "თუ ამერიკა თავის განცხადებას უკან არ წაიღებს, მოსალოდნელ პროცესებზე პასუხს არ ვაგებთ... აიღეთ თქვენი დროშები ტერორისტების დისლოკაციის ადგილიდან, ვიდრე ჩვენ ამას თავად ავიღებთ და პირადად გადმოგცემთ... მოაშორეთ თქვენი არმია ტერორისტების უნიფორმიანებს, ვიდრე მათაც არ დავმარხავთ მიწაში, ვინც ტერორისტების გვერდით დგას" - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პოზიციას იზიარებს რუსეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის გეგმით, სირია-თურქეთის საზღვართან ამ ფორმირების დაყენება ნიშნავს, რომ "ამერიკა არ არის მონდომებული, სირიის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდეს". მისივე თქმით, ამ ძალების ჩამოყალიბება ღიად ემუქრება თურქეთის უსაფრთხოებას.

18 იანვარს სირიის, რუსეთისა და თურქეთის მწვავე კრიტიკას უპასუხა ვაშინგტონმა. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა განაგრძობს სირიაში ადგილობრივი ფორმირების შექმნას, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს ახალი არმიის ან სასაზღვრო ძალების ჩამოყალიბებას. ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის სირიის განადგურებულ რეგიონებსა და სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნების წინაპირობა.

ამასთან, "ისლამურმა სახელმწიფომ" ვერ უნდა შეძლოს, არც ისე დიდი ხნის წინ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება... "ჩვენ ბოლომდე გახსნილები ვართ თურქეთთან თანამშრომლობისთვის და მზად ვართ, მას როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლაში ბოლომდე მხარი დავუჭიროთ...",- ნათქვამია ამერიკის ოფიციალურ განცხადებაში.

პენტაგონის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, გვინდა ამის დაჯერება თუ არა, მდინარე ევფრატის სანაპიროზე, მძიმე შეტაკებები კვლავაც გრძელდება."- აღნიშნავს პენტაგონი და დასძენს, რომ "უსაფრთხოების ძალები" ტერორისტებს სირიის დატოვების საშუალებას არ მისცემს, რათა მათ ახალი ტერაქტები, თავდასხმები და შეტაკებები დაგეგმონ. ასევე, ეს ძალები ადგილობრივ მოსახლეობას ტერორისტებისგან დაიცავს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე