სენატორი ქალი, რომელმაც ომში ორივე ფეხი დაკარგა, რამდენიმე თვეში დედა გახდება

სენატორი ქალი, რომელმაც ომში ორივე ფეხი დაკარგა, რამდენიმე თვეში დედა გახდება

ამერიკელი სენატორი და ერაყის ომის ვეტერანი თამი დაქუორთი ორსულად არის და აპრილში, 50 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდება.

თამი პირველი ამერიკელი სენატორი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის დროს ბავშვს გააჩენს. აქამდე სულ 9 კონგრესმენმა ქალმა გააჩინა ბავშვი, თუმცა ისინი წარმომადგენლობითი პალატიდან იყვნენ და არა სენატიდან.

ამას გარდა, თამი პირველი შშმ ქალია, რომელიც სენატში აირჩიეს. დაქუორთმა ერაყში ორივე ფეხი დაკარგა, ის აშშ-ს არმიის საბრძოლო ვერტმფრენის პილოტი იყო.

თამი დაქუორთი 1968 წლის 12 მარტს ბანგკოკში დაიბადა, ტაილანდში. მას ჩინელი დედა და ბრიტანელი მამა ჰყავდა. მამა, ფრანკლინ დაქუორთი გაერო-ს მისიის წევრი იყო, ამიტომ თამიმ ბავშვობა რამდენიმე ქვეყანაში გაატარა, ის ცხოვრობდა ტაილანდში, ინდონეზიაში, სინგაპურში, კამბოჯაში, ჰავაიზე.

აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის დროს თემი მოზარდი იყო, სკოლა და უნივერსიტეტი ჰავაიზე დაამთავრა, შემდეგ კი ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა, პარალელურად კი სამხედრო წვრთნას გადიოდა.

2004 წელს ის ერაყში გაგზავნეს, სადაც სამხედრო მფრინავად მსახურობდა. ამავე წლის შემოდგომაზე მის ვერტმფრენს რაკეტა ესროლეს, დაქუორთი გადარჩა, თუმცა ორივე ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. მფრინავს დაშავებული ჰქონდა მარჯვენა ხელიც.

2006 წელს კენჭი იყარა კონგრესში, თუმცა დამარცხდა. ის ილინოისის ვეტერანთა საქმის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს, თანამდებობას დაქუორთმა შესანიშნავად გაართვა თავი.

პრეზიდენტმა ობამამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თამი ვეტერანთა საქმეებში საკუთარ ასისტენტად დანიშნა, 2012 წელს კი ის კონგრესის წევრი გახდა.

თამის ქმარი მაიორი ბრაიან ბოულსბია, ის ილინოისის ეროვნულ გვარდიაში მოღვაწეობს. 2014 წელს წყვილს შვილი შეეძინა. მეორე ორსულობის შესახებ კი თამიმ 2018 წელს განაცხადა.

"ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ 2018 წლამდე ვერცერთმა სენატორმა ბავშვის გაჩენა ვერ შეძლო. მამაკაცებს ჰქონდათ საშუალება, ჰყოლოდათ შვილები სენატში საქმიანობის პარალელურად, ქალები კი ამას აქამდე ვერ ახერხებდნენ," - აღნიშნა მან გამოცემასთან Chicago Tribune საუბრისას.

მისივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაორსულებას. "რამდენჯერმე ვცადე ინ-ვიტრო განაყოფიერებით გამეჩინა, თუმცა ორსულობა ყოველ ჯერზე წყდებოდა. მე და ჩემი ქმარი ახლა ძალიან ბედნიერები ვართ!" - აღნიშნავს სენატორი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"