ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა: "დღეს მე რომ გამწარებული მამა ვარ, არ მინდა ხვალ ასე გამწარდეს სხვა მშობელი..."

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა: "დღეს მე რომ გამწარებული მამა ვარ, არ მინდა ხვალ ასე გამწარდეს სხვა მშობელი..."

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ყველა თვითმხილველს მოუწოდებს, სიმართლე თქვან. როგორც ზაზა სარალიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, მას სურს, რომ არც ერთი დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი.

"მინდა მოვუწოდო ყველა თვითმხილველს, სიმართლე თქვან, იმიტომ კი არა რომ მე მაინტერესებს, უბრალოდ მინდა დაუსჯელები არ დარჩნენ დამნაშავეები, რომ სხვებიც არ წახალისდნენ დაუსჯელობით და მათაც იგივე სისასტიკე არ ჩაიდინონ. დღეს მე რომ გამწარებული მამა ვარ, არ მინდა ხვალ ასე გამწარდეს სხვადედა, მამა... "კაიბიჭობას" არ ნიშნავს, როცა დამნაშავეს ხელს აფარებ. არ გამოვრიცხავ ყველაფერი უარყონ ბავშვებმა, მაგრამ უფრო იმის იმედი მაქვს იტყვიან რაც მოხდა და ამით მეც შემიმსუბუქდება მდგომარეობა..." - ამბობს ზაზა სარალიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ამასთან, მოკლული მოზარდის მამა იმედოვნებს, რომ ხორავას ქუჩაზე მყოფი მოზარდები იტყვიან საბოლოოდ, თუ რა მოხდა რეალურად ტრაგედიის დღეს.

"ერთადერთი სიმართლე არის ის, რომ საპირფარეშოში, სადაც დაპირისპირება დაიწყო, დათო არ ყოფილა. ვესაუბრე ბავშვებს, მათ შორის დათოს შეყვარებულს, რომელმაც თქვა, რომ დათო იმ დროს ჩემს გვერდით იყოო. მერე ხორავას ქუჩაზე რა მოხდა, ბუნდოვანია. ექსპერტიზის პასუხებით დადასტურდა, რომ დათოს დაჭრისას ორი დანა გამოიყენეს და ორივე საქმეში დევს. გამორიცხულია დათო ერთს დაეჭრა, ერთი დანით. მაშინ ნავარჯიშები ყოფილა კაცის კვლაში. დათო ფიზიკურად ძლიერი იყო, ტანადი და მას ერთი და ორი კაცი ვერ მოერეოდა. თუ მართლა მარტო ამ ორმა ბიჭმა მოკლა დათო, მაშინ ჩავთვლი, ჩემს შვილს მიუცია ნება, რომ მოეკლათ და არაფერი უღონია", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, როგორც დავით სარალიძის მამა ამბობს, ლევან დადუნაშვილი იმ გაუგებრობაში, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, შემთხვევით მოხვდა.

"ზუსტად რა მოხდა, ოთხმა კაცმა იცოდა - ლევანმა, დათომ და ორმა მკვლელმა. რატომ მოკლეს ლევანი, ამაზე პასუხი არ მაქვს, ალბათ დაინახა ის, რაც არ უნდა დაენახა. მკვლელობას პირველი დაკავებული აღიარებს, მეორის ადვოკატი კი ამბობს, რომ მის კლიენტს სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ჭრილობა მიაყენა? მოსაკლავად რომ გაიმეტა ხომ ფაქტია? ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი... საქმის მასალებით დანაშაულის ახალი ფიგურანტები არ იკვეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, 25-ივე მონაწილე დამნაშავეა. იმედია არსებით განხილვაზე ბევრი რამ გამოიკვეთება", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი