ავტორი:

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ

2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი. ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, ხოლო ვაქცინაცია მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება.

რა უნდა ვიცოდეთ გადამდები დაავადების შესახებ და რატომ არის აუცილებელი იმუნიზაცია - "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს წარმომადგენელი თამარ სულხანიშვილი საუბრობს:

- დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელაზე აცრილი ხართ?

- საქართველოს აცრების ეროვნული კალენდრით, წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია ითვალისწინებს ვაქცინაციის ორ დოზას - ბავშვები იცრებიან 1 და 5 წლის ასაკში. თუ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს ამ ვაქცინის ორი დოზა, მას იმუნიტეტი აქვს განვითარებული წითელას მიმართ. ანუ, თუ მოქალაქეს დოკუმენტურად აქვს დადასტურებული რომ მიღებული აქვს ვაქცინის ორი დოზა, მას დამატებით მესამე დოზის მიღება არ ესაჭიროება.

მათ კი, ვისაც არ ჩაუტარებიათ ბავშვობაში აცრა, მაღალი ასაკის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართავს და სთხოვს, 41 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა (რადგან ეს არის ასაკი, როცა მეტია დაინფიცირების რისკი) მიმართონ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა, უფასოდ. ვთხოვთ ამ ადამიანებს, აუცილებლად ჩაიტარონ აცრა, რომ ქვეყანაში დაწყებულმა ეპიდაფეთქებამ არ მიიღოს მასშტაბური ხასიათი.

- განგიმეორდებათ თუ არა წითელა, თუ ერთხელ უკვე გქონდათ ვირუსული ინფექცია?

- გადატანილი დაავადება არის ასპროცენტიანი გარანტია, რომ მას მეორედ წითელა აღარ დაემართება. მაგრამ გადატანილი დაავადება აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული ლაბორატორიულად, რომ პაციენტს ნამდვილად ჰქონდა წითელას ვირუსი.

წითელას მიმართ ყველა რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და დაავადება ყველასთვის სახიფათოა, მით უმეტეს თუ მას არ აქვს იმუნიტეტი. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, რადგან მათი აცრა ორსულობის პერიოდში წითელას ვაქცინით არ შეიძლება, რადგან ეს არის ე.წ ცოცხალი ვაქცინა (ამ ტიპის ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს დაავადების ძალიან სუსტი ფორმა, მაგრამ იმუნური სისტემა იმახსოვრებს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი დაავადების მძიმე ფორმისგან) და მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. აცრის გაკეთება აუცილებელია ორსულობამდე, ან ორსულობის დასრულების შემდეგ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ