ავტორი:

თამარ ჭაბუკაიძე - გაიცანით 28 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ფრანგულ სცენას იპყრობს

თამარ ჭაბუკაიძე - გაიცანით 28 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ფრანგულ სცენას იპყრობს

თამარ ჭაბუკაიძემ 22 წლის ასაკში დატოვა საქართველო და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, საყვარელ ადამიანთან, ასევე, ქართველ ემიგრანტთან ოჯახი რომ შეექმნა. ოჯახისა და მეგობრების დატოვება ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერას იწყებდა, რთული იყო, მაგრამ მისი მომავალი მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობდა და ეს ცვლილებაც გარდაუვალი იყო.

თამარმა უცხო საზოგადოებაში ინტეგრაცია მალევე მოახერხა და ახლა 28 წლის მსახიობი, პარიზში 4 თეატრალური კომპანიის წევრია, ხშირად თამაშობს სხვადასხვა თეატრის სცენაზე, იღებენ რეკლამებსა და ფილმებშიც.

თამარი მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის ქალიშვილია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით გაითქვა სახელი. "ქართველმა ჯო კოკერმა" სცენაზე გამოსვლისას პირველი ნომერი სწორედ მის ქალიშვილს - თამარს მიუძღვნა, რომელიც მაშინ უკვე ემიგრანტი იყო.

"პარიზში ჩამოსვლისთანავე ენის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული და დაახლოებით 6 თვეში ჩემი ძველი პროფესიით, მოცეკვავედ ვმუშაობდი. ინტეგრაცია საკმაოდ მალე მოვახერხე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, გიორგი დავითაშვილს. ახლა უკვე 3 წლის შვილიც გვყავს," - გვიყვება ახალგაზრდა ქართველი მსახიობი თამარ ჭაბუკაიძე.

- როგორი იყო თქვენი ბავშვობა, ოცნებობდით მსახიობობაზე?

- 90-იანი წლების სისასტიკის მიუხედავად, ბავშვობა ჩემთვის მაინც უბედნიერეს წლებად რჩება. ჩემი მაშინდელი ოცნებები მხოლოდ საბალეტო ხელოვნებას უკავშირდებოდა და მშობლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდნენ ამ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე. ეს ოცნება ასრულდა კიდეც, რადგან ვსწავლობდი ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და მქონდა ბედნიერება, ოპერის სცენაზე არაერთ საბალეტო დადგმაში მიმეღო მონაწილეობა. ბავშვობაში მაინცდამაინც მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, თუმცა სცენა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილიც და მიზანიც.

- როგორი იყო თქვენი სამსახიობო კარიერის პირველი ნაბიჯები?

- სამსახიობო ხელოვნებასთან ჩემი კავშირი საქართველოშივე დაიწყო. თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო განხრით, გოგი თოდაძის ჯგუფში ვსწავლობდი. ეს 4 წელიწადი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის შემძენი იყო, როგორ პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა უკვე საფრანგეთში გავაგრძელე, ასევე, სამსახიობო განხრით. მიუხედავად ენის ძალიან დიდი ბარიერისა და იმ ფაქტისა, რომ სწავლების პროცესში ორსულად ვიყავი, სასწავლო წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 8 თვის ორსულმა ვითამაშე მთავარი როლი სადიპლომო სპექტაკლში და სწავლების დასრულებისთანავე მქონდა შემოთავაზება ჩემი პედაგოგ- რეჟისორისგან, რომ დავრჩენილიყავი მის თეატრალურ კომპანიაში, უკვე როგორც მსახიობი.

- რატომ ამჯობინეთ თეატრის მსახიობობა კინოს მსახიობობას? რომელ თეატრში მოღვაწეობთ ამჟამად?

- ჩემი სამუშაოს 90% უკავშირდება თეატრს, ვთამაშობ 4 თეატრალურ კომპანიაში და, ასევე, თეატრის პედაგოგად, მაგრამ თავს მხოლოდ თეატრის მსახიობად არ მოვისაზრებ. გავდივარ ბევრ კინოკასტინგს და უკვე მქონდა საკმაოდ საინტერესო გადაღებები პატარა როლებით. ვთანამშრომლობდი ისეთ კინორეჟისორებთან, როგორებიცაა: ალან შაბა, ნიკოლა ვანიე, ზიად დუეირი. ვმონაწილეობ რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში.

რაც შეეხება თეატრს, საფრანგეთში არ არის ცნება "თეატრი თავისი დასით". აქ თეატრი არის შენობა, რომელიც სცენას უთმობს სხვადასხვა თეატრალურ კომპანიას. ამიტომ დღეს "ჩემი თეატრი" არის მუდმივი ცვლა თეატრალური კომპანიების, მუდმივი ცვლა რეჟისორების და მუდმივი კასტინგები და ძიება ახალი პროექტების. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამავდროულად, არანორმალურად საინტერესოა. სხვადასხვა ხედვისა და თეატრალური მიმართულების უამრავ ადამიანთან მიწევს მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი კომპანია კიდევ სხვა, ახალი თეატრის კარს მიხსნის.

- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი როლები და რატომ?

- როლები შვილებივითაა, ყველა ერთნაირად მიყვარს. ერთადერთი, რასაც გამოვყოფდი, არის "ჩხიკვთა ქორწილი", რომელსაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვთამაშობ ფრანგულ კომპანიასთან ერთად. სხვანაირად ძვირფასია ეს სპექტაკლი და მასში ნათამაშები ხუთამდე როლი. წარმოდგენა ფრანგული კომპანია "ლეს მინუის" სპექტაკლია, რომელიც პირველად წლების წინ ქართველ მსახიობთან ერთად დაიდგა. ეს მსახიობი შემდგომ საქართველოში დაბრუნდა. მე კი ამ სპექტაკლში ქასტინგით მოვხვდი. წარმოდგენას ორ ენაზე ქართულ-ფრანგულად ვთამაშობთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ არის თემები, რომლებიც უკვირთ. მაგალითად, რას ნიშნავს თამადა, რატომ აძალებენ წრუწუნას ღვინის სმას და თრობას. სპექტაკლის ამ ნაწილზე ყოველთვის ბევრი ახსნა-განმარტების მიცემა მიწევს.

- რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?

- მთავარი პროფესიული მიღწევები კი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიღწევა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილია.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი მთავარი გეგმაა, შევქმნა საკუთარი თეატრალური კომპანია. ვთვლი, რომ საინტერესო სიტყვის თქმა შემეძლება კულტურული სხვაობიდან გამომდინარე. დიდი სურვილი მაქვს, აქ მიღებული გამოცდილების საქართველოში გაზიარებაც შევძლო. თუმცა, მაგ ეტაპამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს.

- რას ურჩევთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე ოცნებობენ?

- ვურჩევდი, იყვნენ, რაც შეიძლება, ცნობისმოყვარენი, გაბედულები და აქტიურები. შეძლებისდაგვარად იმოგზაურონ, რაც შეიძლება ბევრი, ნახონ სხვა კულტურა, სხვა ხალხი, დაინტერესდნენ ადამიანებით და მათი მრავალფეროვნებით, საკუთარი თავი გამოკვებონ ხარისხიანი ხელოვნებით, რათა მათ მიერ გადმოცემული ხელოვნებაც იყოს ხარისხიანი. არასდროს შეწყვიტონ სწავლა. აქ 60 წლის მსახიობებიც კი ყოველწლიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. და, რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ დანებდნენ!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება