10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - გააკეთებენ თუ არა რომელიმეში შეკიდულ ჭერს

10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - გააკეთებენ თუ არა რომელიმეში შეკიდულ ჭერს

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ტექნიკური დირექტორის ლევან მეხრიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება.

მეხრიშვილი აცხადებს, რომ მეტრო "ვარკეთილში" განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

"გასულ პარასკევს მივმართეთ კომპანიებს და სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ დაჩქარებული წესით შეემოწმებინათ მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზა მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე. ჯერჯერობით შედეგები არ გვაქვს. კვირის ბოლომდე ველოდებით პასუხებს. თუ იქნება დადებითი დასკვნა, სამუშაოებს განაახლებენ. თუ ხარვეზები გამოვლინდა, პასუხისმგებლობა საპროექტო და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს დაეკისრებათ. კონკრეტულ ვადას, როდის იქნება დასკვნები, ვერ გეტყვით. ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ", - განაცხადა მეხრიშვილმა.

როგორც მეხრიშვილი ამბობს, მეტრო "ვარკეთილის" მსგავსი შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება.

"ძველ საკიდებზე, როგორც ეს "ვარკეთილის" შემთხვევაში მოხდა, შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება. მაშინაც, როდესაც მეტრო "ვარკეთილს" ვაკეთებდით, შემოწმდა, რამდენად მყარი იყო ის ანკერები ახალი ჭერისთვის. მიღებული გვაქვს დასკვნა, რომ ის ვარგისია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ამიტომ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელა. დასკვნა მიღებული გვაქვს მეცნიერებათა დოქტორ, ინჟინერ-კონსტრუქტორისგან. შემოწმება გაკეთდა ჩვენი თანამშრომლების თანდასწრებით და ამით დავკმაყოფილდით, რომ ეს საკიდები მყარია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ შემოწმებას, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ შეამოწმა შემდგომ ეს სამუშაო და იყო თუ არა ეს შპს "ყვარელრემმშენის" მიერ დაქირავებული კომპანია", - განაცხადა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: "სამგორის", "გურამიშვილის" და "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები და წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: "სადგურის მოედანი 1", "სადგურის მოედანი 2", "სადგურის მოედანი 3", "ნაძალადევი", "ისანი", "თავისუფლების მოედანი", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "სამედიცინო უნივერსიტეტი".

"უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურებს. გამოცხადდება საპროექტო განაცხადების კონკურსი და შემდგომ რეაბილიტაციის პროცესისთვის გარკვეული სამუშაოები", - დაძინა მეხრიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ