გროზნოში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ასობით ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანონიმურად აცნობა kavkaz-uzel.eu-ს. მისი თქმით, გასულ კვირას ის ადამიანები, ვინც ნებისმიერი სახის ნარკოტოკის გამოყენებაში იყვნენ შემჩნეული, ადგილობრივმა სამართალდაცავებმა დააკავეს და კადიროვის "საიდუმლო სარდაფში" ჩაკეტეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, აღიარებენ, რომ ხანდახან, როდესაც ნარკორეალიზიტორებზე ნადირობენ, იმ პირებსაც აკავებენ, ვინც ამაში არ მონაწილეობდა. თუმცა, გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ, ათავისუფლებენ.
ადრე რუსული მედია წერდა, რომ 16 იანვარს ძმები - მუჰამედ-ალი და მუჰამედ სიდიკ მეჟიდოვები ჩეჩნეთში, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში დააკავეს და "როგორც საკუთარი, ისე სხვების შესახებ ბევრი რამ "ათქმევინეს..."
რამდენიმე თვის წინ რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ მოხმარებაში ეჭვმიტანილი ათეულობით ადამიანი დააკავეს. ჩეჩნეთის ლიდერმა ეს ნაბიჯი ნარკორეალიზატორების, მისი მომხმარებლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ ქმედებად გამოაცხადა. მაშინ Новая газета -მ გამოაქვეყნდა ფრაგმენტი, სადაც რამზან კადიროვი ნარკოტიკის მომხმარებლებს დახვრეტით ემუქრებოდა.
ამის შემდეგ, ე.წ. ანტინარკოტიკული რეიდები მთელ ჩეჩნეთში, პრაქტიკულად ყოველდღე მიმდინარეობს, რასაც შესაბამისად დაკავებებიც ახლავს თან.
"ადამიანის დასაკავებლად მცირედი მიზეზიც ჰყოფნით. საკმარისია, თუ ადამიანი ნარკოდამოკიდებულის სახელს იტყვის, ან უბრალოდ იტყვის, რომ იცნობს მას, ან კიდევ ასეთი ადამიანის ნომერი აქვს ტელეფონში... მას გარკვეული დროის განმავლობაში აკავებენ, ვიდრე არ ათქმევინებენ, რომ მოიხმარს ან ავრცელებს ნარკოტიკს. შემდეგ უშვებენ, თუმცა, ეს ადამიანი "კონტროლზე ჰყავთ აყვანილი და არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ისევ არ აიყვანენ", - აცხადებს ადგილობრივი.
ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლო ღონისძიებების გააქტიურებას ადასტურებს ადგილობრივი შსს თანამშრომელი. "2017 წლის აგვისტოდან, ხელმძღვანელობის ბრძანებით, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვახორციელებთ პრევენციულ ზომებს. არსებობს სპეციალური ოპერატიული შტაბი, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია შემოდის და შემდეგ შესაბამისი გეგმებიც ხორციელდება,"- აცხადებს ჩეჩენი ძალოვანი.
მისივე ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ 50 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება და 11 ათასზე მეტი აბი ამოიღეს.
ისინი, ვინც უკვე იყვნენ "კადიროვცების" ხელში და "საიდუმლო სარდაფიც" გამოიარეს, ანონიმურად ყვებიან, რომ დაკავებულებს არაადამიანურად ეპყრობიან, სცემენ, ამცირებენ, დენზე აერთებენ და ამ გზით აიძულებენ, ნარკომომხმარებლებსა და რეალიზატორებზე ყველა ინფორმაცია მიაწოდოს, ყურმოკრულიც კი.
"განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებენ მათ, ვინც ნარკორეალიზაციაშია ბრალდებული. ერთ-ერთი მათგანის წამების დროს, დამწვარი ხორცის სუნიც კი მეცა... სარდაფში დაახლოებით 200 ადამიანი ვიქნებოდით.
წამებებს შორის, რაღაც დროის განმავლობაში, მოლა შემოჰყავდათ, რომელიც ყურანს კითხულობდა და ნარკოტიკების მავნებლობაზე ქადაგებდა. იმდენად ცუდად ვიყავი, გონება რამდენჯერმე დავკარგე და არ მახსოვს, ეს ყველაფერი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა თუ კვირას. სავარაუდოდ, იქ ორი კვირა ვიყავი..."- იხსენებს "კადიროვცების" ყოფილი ტუსაღი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან საუბარში აღიარებს, რომ მან "ძალოვნებს" ყველა ინფორმაცია მიაწოდა, რადგან სხვა შემთხვევაში, გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
kavkaz-uzel.eu-ს ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს ჩეჩნეთის შს უწყება და აცხადებს, რომ ისინი "უდანაშაულოებს არასდროს აკავებენ". თავის მხრივ, რუსული მედია ვარაუდობს, რომ რამზან კადიროვს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან "ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა."
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE