გია მაისაშვილი გარდაიცვალა

გია მაისაშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. მაისაშვილი ბოლო რამდენიმე წელი მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა, შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

გია მაისაშვილის მეგობარი მიხეილ ცილიკიშვილი მისი გარდაცვალების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"გიო აღარ გვყავს... დიდი მამულისშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."

მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მისმა ძმამაც დაუდასტურა.

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, თუმცა, მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედო იყო. ოჯახი და მეგობრები მის საქართველოში გადმოყვანას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო, თუმცა სამშობლოში მისი ჩამოყვანა არ დასცალდათ.

მაისაშვილმა დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა თბილისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო ქვეყანაში მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების გამო. ამის შემდეგ, მაისაშვილი იმყოფება პოლიტიკურ დევნილობაში აშშ-ში, სადაც 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს კი დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი.

2003 წელს გ. მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა ვარდების რევოლუციის პერიოდში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა და მისი თხოვნით დაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროგრამა. რევოლუციის შემდეგ მაისაშვილი ობიექტური მიზეზების გამო ჩამოშორდა სააკაშვილს.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის მთავრობა". 2006 წელს მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც არის "ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაცი ლიდერთა თაობის აღზრდა".

2007 წლის 26 ივლისს გ. მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მომავლის პარტია", რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა (წყარო: ვიკიპედია).

 

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ