საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და შეურაცხმყოფელი გადაკიდება 500-დან 1000-მდე ლარით დაჯარიმდება

საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და შეურაცხმყოფელი გადაკიდება 500-დან 1000-მდე ლარით დაჯარიმდება

წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 

ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მასზე მომხსენებლად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არის დანიშნული.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს, დღეს არსებული საქნციები კი შემაკავებელი ფუნქციას სათანადოდ ვერ არსულებს.

„სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილური და გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებაზე. მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება საზოგადოების ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება ან/და მოშლა გამოიწვიოს. პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არარსებობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია, განსაკუთრებით კი მისი მინიმალური ქვედა ზღვარი, შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტიანად ვერ ასრულებს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ