სკანდალები დაკვეთით?! - "ზოგიერთი ბიზნესმენის ხელში მედია მძლავრი კოზირია"

სკანდალები დაკვეთით?! - "ზოგიერთი ბიზნესმენის ხელში მედია მძლავრი კოზირია"

ბოლო პერიოდში ორმა ტელეკომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ცდილობს. ჯერ "ტვ პირველმა" და შემდეგ "იბერიამ". ეს განცხადებები ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ ორივე შემთხვევაში ითქვა - ხელისუფლება პრობლემებს უქმნიდა იმ ბიზნესებს, საიდანაც ეს ტელეკომპანიები ფინანსდებოდნენ.

„ტვ პირველის“ შემთხვევაში სკანდალი ბოლომდე არ შედგა - ტელეკომპანიის მფლობელს ბრიფინგზე უნდა დაესახელებინა ზეწოლის მომხდენი კონკრეტული პირები და მტკიცებულებებიც გაესაჯაროებინა. თუმცა ბოლო მომენტში „პირველის“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ყველაფერი მოგვარდა და ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „იბერიას“ შემთხვევაში კი სკანდალმა მძაფრ სიმაღლეებს ვერ მიაღწია - კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეჭვი შეეპარათ არგუმენტში, რომ "ომეგა ჯგუფის“ (ტელევიზიის დამფინანსებელი) მიერ ბიზნესპარტნიორთან წაგებული სასამართლო დავა დაკავშირებული იყოს ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან. ამ ორივე ამბავმა კიდევ ერთი კითხვა დასვა - რამდენად გამჭვირვალეა დღეს მედიის დაფინანსება, რეალურად ვინ აფინანსებს მედიას და ვინ უკვეთავს მას „მუსიკას“.

ლაშა ტუღუში, "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი:

- ზოგადად, კანონმდებლობის მხრივ ქვეყანაში ტელევიზიების დაფინანსების გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებია დადგენილი, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ უზრუნველყოფს. თუმცა, კანონმდებლობის მიუხედავად, მაინც ჩნდება გარკვეული კითხვები მედიასაშუალებების მიმართ. ბიზნესს, მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საუკეთესო მოდელია, რომ მედიასაშუალებებმა საკუთარი თავი სარეკლამო შემოსავლებით დააფინანსონ. ამ შემთხვევაში მედია აღარ იქნება დამოკიდებული დამფინანსებელ ბიზნესმენზე და ირიბად ხელისუფლებაზეც. როდესაც ბიზნესმენი თუ გარკვეული ჯგუფი მედიასაშუალებას ფლობს და საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს, მაგალითად, ტელევიზიას, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია და მისი თანამშრომლები დამოკიდებულნი არიან ბიზნესმენის ინტერესებზე.

დასავლეთში მედია ბიზნესია, შემოსავლის წყაროა, მაგრამ როდესაც ბიზნესმენი იწყებს ტელევიზიის ინტერნსიურ დაფინანსებას, ეს უკვე ნიშანია, რომ რაღაც არ არის წესრიგში, ვიღაც ფულს იმისთვის დებს მედიაში, რომ საკუთარი ინტერესები მოახვიოს თავს საზოგადოებას. ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი მოდელია... ზოგადად, გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, მედიასაშუალების დაფინანსება გამართლებული იყოს მესაკუთრის სხვა ფინანსური წყაროებიდან, თუმცა როდესაც ტელევიზია თუ სხვა ტიპის მედიასაშუალება უკვე იხვეჭს რეიტინგს და მაყურებლის ნდობას, შეუძლია დაფინანსდეს სარეკლამო ბაზრიდან, მაგრამ ბიზნესმენი მაინც აგრძელებს საკუთარი ჯიბიდან მის დაფინანსებას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მის პირად ინტერესებთან. შესაძლოა ის მედიასაშუალების გამოყენებით ლობირებს ბიზნესს ან პოლიტიკური ინტერესები აქვს, ან უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობენ იდეალისტი ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მედიის დაფინანსება, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესის წესებისგან რადიკალურად განსხვავდება - ბიზნესი არასდროს ხარჯავს ფულს ჰაერში.

- თქვენი შეფასებით, „ტვ პირველისა“ და „იბერიას“ საქმეში ხელისუფლების ზეწოლასთან გვაქვს საქმე თუ კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთან?

- კონკრეტულად ამ ორ ტელევიზიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მესმის, თუმცა შემაშფოთებელია, როდესაც ვიგებთ, რომ ხელისუფლების წარმომaდგენლები ცდილობდნენ მედიის საქმიანობაში ჩარევას. როგორც გაირკვა, „ტვ პირველის“ შემთხვევაში პრობლემა გადაიჭრა, გაჩნდა განსხვავებული ვერსიები, თუმცა პირადად ჩემთვის, ზუსტი დიაგნოზის დასმა, რა მოხდა, რთულია. ფაქტია, რომ დღეს მედია მოწყვლადია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ის უფრო დემოკრატიული, პლურალისტული და თავისუფალი, ამას კი, პირველ რიგში, ღია დისკუსია უწყობს ხელს.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი:

- კომერციული ინტერესებისგან მედიის დაცვა ყოველთვის რთულია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. თუ კერძო მედიასაშუალება ერთი კონკრეტული ბიზნესის დოტაციაზეა, შესაძლოა, ის თავისუფალი იყოს სახელმწიფოსგან, თუმცა ვერ იქნება დამოუკიდებელი მფლობელის ბიზნესინტერესებისგან. მაგალითად, როდესაც ტელეკომპანიის „იბერიას" თანამშრომლებმა პირველად გაავრცელეს განცხადება, „ომეგას“ შევიწროება ჟურნალისტებზე აისახებაო, მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და მედიის წარმომადგენლებად კი არა, კონკრეტული ბიზნესის დამცველებად გვევლინებოდნენ, ამიტომ მოგვიანებით ტექსტი შეცვალეს და განაცხადეს, „ომეგა ჯგუფი“ ერთ-ერთი მთავარი სარეკლამო პარტნიორია ჩვენი ტელეკომპანიისთვის და სწორედ ამ მიზეზით უქმნის ხელისუფლება ხელოვნურად რთულ ბიზნესპირობებსო.

რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ შენთან მოიტანს რეკლამას „ომეგა ჯგუფი“ და ამ ფორმით დაგაფინანსებს, თუ კონკრეტულად საკუთარი ბიზნესის ანგარიშებიდან გადმოგირიცხავს თანხას? თუ რეკლამა მხოლოდ შენთან მოაქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავს კონკრეტულად ამ ტელევიზიაში ფულს.

- ანუ, რეალურად, მედიასაშუალება ზოგიერთი ბიზნესმენისთვის წარმოადგენს ერთგვარ დამცავ ფარს იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე სხვა ბიზნესში უპირატესი პირობების მოთხოვნის მიზნით ზეწოლა მოახდინოს?

- ეს უკვე ბევრჯერ გამოცდილი და გამოყენებული მეთოდია - ფინანსური პრობლემების დროს მედიასაშუალება, რომლის უკანაც კონკრეტული ბიზნესმენი დგას, საუბარს იწყებს პოლიტიკურ ზეწოლაზე. ასეთი ადამიანების ხელში მედია მძლავრი კოზირია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია დაკვეთილი სკანდალების აგორება. პოლიტიკური ზეწოლის კონტროლი ადვილია, ეკრანზე ყველაფერი ჩანს და მარტივად შეგიძლია ამოიკითხო, ვინ ახდენს ტელევიზიაზე გავლენას, ან ვინ იბრძვის გმირულად და ზეწოლას არ ექვემდებარება.

მედიასაშუალების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების მაგალითი იყო „რუსთავი 2“-ის საქმეც, რომელსაც სახელმწიფოს ვალი დაუგროვდა და გადასახადისგან თავის არიდების მიზნით, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. ზოგადად, ბიზნესმენები ფულს ტყუილად არასოდეს იხდიან, ისინი ფიქრობენ, რომ რომელიმე ტელევიზიის დაფინანსებით ან ფლობით, მათთვის სასურველ დროს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას მოახდენენ.

- შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითის დასახელება?

- კონკრეტულად არაფერს ვიტყვი, მაგრამ დავსვათ კითხვა - რა მოხდა „ტვ პირველში“? ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები მათზე ზეწოლას ახდენდნენ, დახმარების თხოვნით შეხვდნენ დიპლომატებსა და არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაანონსდა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს საჯაროდ უნდა გამოექვეყნებინა ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თუმცა როგორც გაირკვა, გადამწყვეტ მომენტში ორი პარტნიორი შეთანხმდა წილებზე და ხელისუფლების ზეწოლაც გაქრა?!

სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამა თუ იმ გზებით კონკრეტული ინტერესების გატარების ფონზე ვცხოვრობთ. მესაკუთრეს შეუძლია, თავისი თანამშრომელი აცეკვოს ისე, როგორც ეს მის მუსიკას შეესაბამება, რადგან ის იხდის ფულს. მთავარია, მაყურებელმა შეძლოს და დაინახოს ობიექტური სურათი, რაც ეკრანიდან ყოველთვის კარგად ჩანს.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ