როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგის რეკომენდაციები

როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგის რეკომენდაციები

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ინასარიძე ფაროსანასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს უზიარებს მოსახლეობას.

ის ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჯერ არსად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ მწერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა.

"პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს მწერი არ არის არც მკბენარი და არანაირ ალერგიას არ იწვევს, არ უშვებს სუნს თუ არა დაჭყლიტე. მასთან შეხება არ იწვევს არანაირ ალერგიულ რეაქციას. ეს არის საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკიდან აღებული ინფორმაცია. უკვე დიდი ხანია, მაგალითად, ამერიკასა და იტალიაში ებრძვიან აღნიშნულ მწერს და არსად დაფიქსირებულა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა", - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იმ მეთოდებზეც საუბრობს, რომლის საშეუალებითაც მწერის რაოდენობის შემცირება სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი:

"ერთადერთი გზა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის არის, რომ შევამციროთ მისი რაოდენობა მექანიკური საშუალებებით და ეს შეიძლება იყოს ცოცხით კედლიდან ჩამოღება, მტვერსასრუტით შეგროვება და ა.შ. უნდა მოვაგროვოთ და აუცილებლად გავანადგუროთ. ის ადვილად არ ემორჩილება ასეთ შეტევებსაც კი, ამიტომ განადგურება აუცილებელია. თუ საქმე ეხება ფაროსანას დიდ რაოდენობას, რაც დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, იქ უკვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ სახლის ხაფანგების მეთოდებით, რომლებიც ძალიან ადვილი დასამზადებელია.

შესაძლოა, ეს იყოს ღამით დატოვებული ანთებული ფანარი რაიმე სახის ჭურჭელთან ერთად, რომელიც მწერს იზიდავს და ერთ ადგილას აგროვებს, ასევე შეიძლება იყოს ქაფიანი წყალი, რომელიც ჯამში მოთავსდება და დანათებული აქვს სანათი. ანუ ფაროსანას ბიოლოგია არის ის, რომ ის მიდის სინათლეზე. თუ ღამით დავტოვებთ სანათს ისე, რომ მივიდეს ნათურასთან, რომელიც იქნება ცხელი, ფაროსანა ჩამოვარდება და ჩავარდება ქაფიან წყალში, ის განადგურდება ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, იქ, სადაც ეზოები აქვს მოსახლეობას, რეკომენდებულია მუყაოს ყუთების დადგმა, რომელსაც აქვს ხვრელები. მწერს ამ შემთხვევაში უჩნდება სახლის ასოციაცია და გროვდება ყუთში. ვფიქრობ, ეს მიდგომა ძალიან ეფექტურად იმუშავებს. ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ებრძვის მწერს, ასე ებრძვის სახლის პირობებში ფაროსანას ამერიკაც, იტალიაც, ესპანეთიც და ა.შ.", - აღნიშნავს ბიოლოგიის დოქტორი.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს მწერთან ბრძოლაში, ნინო ინასარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში დიდია, ძირითადად საინფორმაციო კამპანიის და სწავლების კუთხით.

"აზიური ფაროსანას თემა არის ისეთი საკითხი, რომელშიც რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს სახელმწიფომ, შეუძლებელია დაამარცხოს მოსახლეობის აქტიური ჩარევის გარეშე. სახელმწიფო ყველა სახლში ვერ შევა და რომც შევიდეს, სახლებს ქიმიურად ვერ და არ შეწამლავს. მწერს უნდა ებრძოლოს მოსახლეობა ტექნიკური საშუალებებით, უბრალოდ მას სახელმწიფო უნდა მიეხმაროს და ასწავლოს, როგორ არის უმჯობესი. საუბარი არ არის პლანტაციებზე, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კეთილი ნება გამოიჩინოს და დაეხმაროს მოსახლეობას წამლის დარიგებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ის არ იყიდება.

ასეთი ტიპის პრაქტიკული დახმარებები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი პირადი აზრით და მსოფლიო სპეციალისტების რჩევით, სახელმწიფოს ძირითადი როლი ის არის, რომ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, გააკეთოს პრევენცია და მოსახლეობას ასწავლოს მწერთან ბრძოლის მეთოდები. დამერწმუნეთ, ის, რასაც აკეთებს ჩვენი სახელმწიფო, არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლებოდა გაეკეთებინა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მთავრობას", - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ