"სითი პარკის" ისტორია თბილისში - რა ეწერა კაბალურ ხელშეკრულებაში და რა არ შეასრულა კომპანიამ

"სითი პარკის" ისტორია თბილისში - რა ეწერა კაბალურ ხელშეკრულებაში და რა არ შეასრულა კომპანიამ

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს" - აღნიშნა კალაძემ.

გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

როგორია "სითი პარკის" ისტორია თბილისში, რა ევალებოდა კომპანიას და რა არ შეასრულა მან?

თბილისში პარკირების მოწესრიგების საკითხი "სითი პარკს" წლებია აბარია. დედაქალაქში კომპანია 2007 წელს შემოვიდა, როცა თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა" გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი" შეიქმნა.

"სითი პარკს" პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა. კომპანიასთან პრეტენზიები მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. კომპანიას ხშირად საყვედურობენ ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, წლებია თბილისში კომპანიას პარკირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხი მუდმივად იდგა. დავით ნარმანია კი ხელშეკრულების ვერშეწყვეტის მიზეზად 25 მილიონ ლარს ასახელებდა, რომელიც მერიას კომპანიისთვის უნდა გადაეხადა და რისი საშუალებაც თბილისის ბიუჯეტს არ გააჩნდა.

მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების დეტალები მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ორმხრივი ხელშეკრულების სრული დეტალები, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული გასაიდუმლოებული დოკუმენტის შინაარსის და სამართლებრივი ნორმების გარკვევის შესახებ მუშაობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, "ხელშეკრულება არის კაბალური და მხოლოდ ორიენტირებულია კომპანიის ინტერესებზე. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები კი, გაუგებარი და ბუნდოვანია".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2014 წელს "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, "სითი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანიას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის (25 მილიონი ლარი) გადახდა არ ეკისრებოდა.

"როგორ იღებს ფულს "CT PARK"-ი დაჯარიმებული მოქალაქეებისგან მერიასთან ერთად" - ამ სათაურით ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" 2 წლის წინ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. სიუჟეტში ამ ორმხრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა.

იხილეთ სიუჟეტი ვრცლად

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გაშიფრა დოკუმენტის შინაარსი და აღმოჩნდა, რომ კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფორსმაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი "სითი პარკის" მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ "სითი პარკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული.

ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და "სითი პარკი" მორიგდნენ, რომ სითი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა, რაც დარჩებოდა "სითი პარკის" მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ, კვლავ 40-60%-ით გადანაწილდებოდა "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის. იურიდიულად ეს და სხვა პუნქტების შინაარსი ნიშნავს იმას, რომ სითი პარკი დამკვეთთან, ანუ მერიასთან შედარებით ბევრად უკეთეს პირობებშია ჩაყენებული.

რისი გადახდა მოუწევს მერიას?

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს. მისი თქმით, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა. როგორც ვიცე-მერი აცხადებს, "სითი პარკმა" არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მან არ მოაწყო საპარკინგე ადგილები.

"ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება იყო. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს," - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ "სითი პარკს" ვალდებულებების შესასრულებლად მერიამ ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ.

"იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადა უშედეგოდ გავიდა... შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,"- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერიის გადაწყვეტილება 10 აპრილიდან შევა ძალაში, რის შემდეგაც პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ